შავიშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ გამართულ აქციას კომპანია მ2-მა უპასუხა

საბურთალოზე, შავიშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას დეველოპერული კომპანია მ2-მა უპასუხა.

როგორც მ2-ში აცხადებენ, მშენებლობის პროექტს კომპანია არ უყურებს როგორც ერთი ტერიტორიის ჭრილში განხორციელებულ პროექტს და განიხილავს როგორც ერთიანი უბნის კონცეფციის განვითარების გეგმას.

როგორც დეველოპერული კომპანია მ2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ ტერიტორიაზე დაიწყება ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება, რომელიც მცხოვრებლებს ახალ საცხოვრებელ კომპლექსში გადასვლის საშუალებას მისცემს.

„ჩვენ გვსურს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება, ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას მერიასთან ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ურბანისტებთან და ამ პროცესში აუცილებლად იქნება ჩართული საზოგადოებაც. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების გეგმა არის მყარი, საუბარია ჯერ კონტრაქტების გაფორმებაზე და ამის შემდგომ მშენებლობის განხორციელებაზე, შესაბამისად, ამ ადამიანებს არსად გასვლა არ მოუწევთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება მოსახლეობის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე ეს არის ერთადერთი რეკრიაციული ზონა და მ2 ცდილობს ამ ზონის აღებას, ამასთან დაკავშირებით, მ2-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარეკრიაციო ზონა, რომლის მოწყობაც იგეგმება ამ ტერიტორიაზე, იქნება გაცილებით მასშტაბური, ვიდრე დღეს არის. მ2-ის ინფორმაციით, 9 442 კვ.მ. გამწვანებული ზონით, ტერიტორიის 50%-ით სარგებლობა მოსახლეობას კვლავ შეეძლება. დეველოპერულ კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებული პროექტით, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების რიცხვის გაორმაგება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ შავიშვილის ქუჩაზე კომპანია მ2-ის მიერ დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა დღეს აქციით გააპროტესტეს. აქციაზე „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ურბანისტი ცირა ელისაშვილი და სხვა პირები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ისინი ქალაქის ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეუნარჩუნდეს აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი და არ მიეცეს შესაძლებლობა კომპანიას ოთხი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის.

იხილეთ ვიდეო: "m²-ის" პასუხი აქციის მონაწილეებს: კომპანიის ინფორმაციით, მაღლივ კორპუსთან ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება დაიწყება