დავით ზალკალიანი - აშშ-ში ვიზიტის დროს, ხურვალეთში განვითარებული მოვლენები, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტის დროს, ხურვალეთში განვითარებული მოვლენები, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაფასა.

მინისტრი ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ძალიან მკაფიო მხადაჭერა აქვს.

დავით ზალკალიანის განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის ფორმატშიც აქტიურად იქნება განხილული.

„რაც შეეხება ხურვალეთის საკითხის, როგორც კი ჩემთვის ცნობილი გახდა, აღნიშნული ინფორმაცია, ყველა შეხვედრაზე, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ასევე როდესაც თეთრ სახლში მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ევროპის და ევრაზიულ საკითხებში ფიონა ჰილთან, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა სწორედ ეს საკითხი გახლდათ და აუცილებელია იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა“, -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს სთხოვა, რომ მათ რუსეთის ფედერაციასთან განსახილველ პრიორიტეტულ საკითხებს შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება მუდმივად დააყენონ დღის წესრიგში. მინისტრმა საერთაშორისო ფორმატებში რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ბოლო პერიოდის მაგალითები მწვავედ დააყენონ მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ჟენევის ფორმატში, რუსეთის ფედერაცის მიმართ, რაც შეიძლება პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ამიტომ ჩვენი მთავარი რესურსი და მთავარი მექანიზმი იმ უკანონობის წინააღმდეგ რაც ხდება, სწორედ ეს გახლდათ, რომ როდესაც იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ ამაზე, ჟენევის ფორმატში, მოხდეს მათზე ზეწოლის გაძლიერება ყველა იმ მთავარი აქტორის მხრიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაერო და ეუთო, ვინც გახლავთ მთავარი მონაწილეები ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ რეზოლუციის ინიცირებაზე, რაც კონგრესმენმა რუნიმ წარადგინა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად. რეზოლუცია უკავშირდება სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების დაგმობას და მასში საქართველო მოხსენიებულია როგოც აშშ-ს მთავარი მოკავშირე რეგიონში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა