მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებასთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ვენეციის კომისიამ 2017 წლის 19 ივნისის დასკვნაში ცალსახად აღნიშნა, რომ მიესალმება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის გამოყენებას 2025 წლამდე, ვინაიდან “2025 წლამდე უნდა დასრულდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს ექნება შესაძლებლობა გამოუშვას სათანადოდ მომზადებული სასამართლო პერსონალი’’.

“საქართველოში უკვე განხორციელდა 2012 წლის შემდეგ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი. დღეს ე.წ. მე-4 ეტაპის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგშიც დგას შემდეგი საკითხების გადაჭრა: სასამართლო გადატვირთულობის პრობლემის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და პროცედურის დახვეწა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა.

ამ რეფორმის ერთ-ერთი მოსალოდნელი შედეგი უნდა იყოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცედურის დახვეწა და სასამართლო სისტემის დაკომპლექტება იმ მოსამართლეებით, ვინც პიროვნული და პროფესიული თვალსაზრისით ამ მაღალს სტატუსს შეესაბამებიან.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დღეს არსებული პრაქტიკა მთელ რიგ კითხვებს იწვევს. პირველ რიგში, რეფორმის მე-4 ეტაპით განსაზღვრული საკითხი - იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის გზით ახალი მოსამართლეებით სისტემის განახლების საკითხი დგება ეჭქვეშ. სკოლის რეფორმა უნდა განხორციელდეს მოკლე დროში და ამ რეფორმის შედეგად ახალი მოსამართლეებით უნდა მოხდეს არსებული

სასამართლო შემადგენლობის განახლება. ამ პროცესში საჭიროა დაიხვეწოს საკანონმდებლო ნორმები და მიღებული იქნას შესაბამისი ცვლილებები. ამ პროცესში კი საჭიროა კონსტიტუციის არსებული მუხლის თანახმად, დროებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს.

არის სხვა საკითხებიც, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ხარვეზები ამ პროცესში:

- გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის შეფასების მარეგულირებელი ნორმები და უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი არ შეიცავს მოსამართლის ობიექტური და გამჭვირვალე პროცესით შეფასებისთვის საკმარის გარანტიებს და იძლევა სუბიექტური და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას;

- არასწორად მოხდა პრაქტიკაში განმარტება პარლამენტის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული კანონის 79 (4) მუხლის გამოყენება პრაქტიკაში მოსამართლედ უვადოდ გამწესების თაობაზე. ამ ცვლილების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა, თუმცა პრაქტიკა კანონმდებლის მიერ კანონში ჩადებულ სულისკვეთებას გაცდა. ეს იმით განიმარტა, რომ მიღებული ნორმის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საფუძველი რჩებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხი უნდა დარეგულირდეს მკაფიოდ ისე, რომ არ იყოს არასწორად გამოყენებული. მით უფრო როდესაც ეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს ეხება. პროცესი არ უნდა იწვევდეს კითხვებს და არ უნდა ტოვებდეს ეჭვებს. სამწუხაროდ, ასეთი კითხვები გაჩდა ამ პროცესის მიმართ იუსტიციის საბჭოს მისამართით არსებული პრაქტიკის გამო.

- 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეთა შეფასებას ისე, რომ არ აქვს მიღებული კანონქვემდებარე აქტი, რომელიც გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის შეფასების პროცესს დეტალურად მოაწესრიგებს;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმები ზოგიერთი შემფასებლის მიერ იმგვარად არის შევსებული, რომ შეფასების რიგ კომპონენტებში კონკრეტული დასაბუთების არარსებობის გამო, შეფასება არ არის მორგებული კონკრეტულ მოსამართლეზე და ნებისმიერ მოსამართლეს შეიძლება მიემართებოდეს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რიგ კომპონენტებში შეფასების ანგარიშები შაბლონურია, განსაკუთრებით კეთილსინდისიერების კომპონენტთან მიმართებით;

- მოსამართლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებლები აღნიშნავენ, რომ ეყრდნობიან სხვადასხვა დაწესებულებიდან გამოთხოვნილ,ასევე პირთა გამოკითხვის გზით მიღებულ ინფორმაციებს, სასამართლო სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შესწავლის შედეგებს და ა.შ. თუმცა, დასკვნების წაკითხვისას ძნელია იმის დადგენა, კონკრეტულად რა ინფორმაციამ მიიყვანა შემფასებელი დადებითი დასკვნის გაკეთებამდე.

- მოსამართლეების შეფასება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით, ძირითადად მოსამართლის მიერ განხილული კონკრეტული საქმეების შესწავლას ეყრდნობა, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით უნდა იყოს შერჩეული. თუმცა, ანგარიშებიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა მეთოდოლოგიით მოხდა საქმეების შემთხვევით შერჩევა. ასევე გაურკვეველია, რა მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასდა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და აქვთ თუ არა შემფასებლებს ერთიანი მიდგომები გადაწყვეტილებათა შეფასებისას.

- წინასწარ არ არის დადგენილი, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს მოსამართლე ყოველი კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ინფორმაცია, რომელიც ცალკეული კრიტერიუმით შეფასებისთვის იყო გამოყენებული, შესაძლოა, არასაკმარისი ან არარელევანტური იყოს. კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების ეტაპი ხშირად ფორმალურ დატვირთვას ატარებს; ეს გარემოებები უარყოფითად მოქმედებს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნისპროცესზე და ზღუდავს სასამართლო სისტემის ახალი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტების შესაძლებლობას.

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ ვადის განმავლობაში არ მიუღია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების წესი“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში, რომელიც ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ერთვის თან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს