ქართული პრესის მიმოხილვა 11.02.2019

რამაზ საყვარელიძე - “ივანიშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების რეკომენდაციებს აჰყვა”

რუსეთი ინტენსიურად და კომპლექსურად ემზადება საქართველოზე შეტევისთვის

“წულუკიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას...”

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი პროცესებს უკვე სექტის ლიდერივით მართავს”

* * *

რამაზ საყვარელიძე - “ივანიშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების რეკომენდაციებს აჰყვა”

“ის, რომ “ქართული ოცნება” ჰარაკირისკენ არის მიდრეკილი, აქამდეც არაერთხელ დავინახეთ, თუმცა მოსამართლეებთან დაკავშირებით მართლაც ყველაფერი მკაფიოდ გამოჩნდა. ჩემთვის მათი მოტივაცია გაუგებარია. არ ვიცი, რატომ იქცევა "ქართული ოცნება" ასე... მათთვის ეს პოზიცია განსაკუთრებით წამგებიანია, მით უფრო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, “ძველი გვარდიისთვის” თითქმის ბოდიშის მოხდამ მოუწია. დღევანდელი განცხადებით “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, სწორედ ამ ადამიანებს დაუპირისპირდა, არადა, წინ 2020 წლის არჩევნებია”, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების რეკომენდაციებს აჰყვა” / “ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების ნდობის გაქრობა იქნება დიდი პრობლემა არა მხოლოდ „ქართული ოცნების”, არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ქაოსის დიდი საფრთხე”.

“ბრალდება, რომ მათ სურთ ე.წ. ხელის მოსამართლეები, ჩემთვის მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ არის. სასამართლო სისტემაში ისეთი ვითარება იყო, სხვადასხვა ინსტანციაში მორჩილი მოსამართლეების პოვნას ამგვარი სიის წარმოდგენის გარეშეც მოახერხებდნენ. რა საჭირო იყო ასეთი ოდიოზური, დისკრედიტირებული ადამიანების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენა, არ ვიცი. რატომ არ ფიქრობს “ქართული ოცნება”, რომ მან შეიძლება ამ მოსამართლეების კეთილგანწყობა კი მოიპოვოს, მაგრამ ამ კეთილგანწყობის გამოყენების შანსი დაკარგოს, ანუ დაკარგოს უმთავრესი - ხალხის ნდობა და, შესაბამისად, დაკარგოს ძალაუფლებაც... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ხელისუფლებაში ხშირად არ იციან, რას სჩადიან. კანაფის კულტივიციის თემა გავიხსენოთ... განა ასეთი რთული იყო, ჯერ გაერკვიათ, როგორი განწყობაა ქვეყანაში, რას ფიქრობს ხალხი და ამგვარი ინიციატივა მერე გაეხმაურებინათ?! ერთი ცხადია: ხელისუფლების პოლიტიკურად გამოუცდელი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებაში ბრძოლით კი არ მოვიდნენ, არამედ მათ ძალაუფლება ხონჩით მიართვეს, დღეს ვითარების მართვას ცდილობენ. რა გამოსდით, კი ვხედავთ...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ამ განებივრებულმა ჯგუფებმა არ იციან პოლიტიკური ბრძოლის კანონები, ანუ ის, რომ ყველა ბრძოლას მომზადება, გათვლა და დაგეგმვა სჭირდება... დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვთ - “გვინდა და გავიტანთ”, რაც უკიდურესად არასწორია. ივანიშვილის ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ამ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების რეკომენდაციებს აჰყვა, რაც მისთვის შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. მოსამართლეები, რომლებიც ბოლო ხანს პოლიტიკოსებივით აქტიურობენ, თავს იმით იმართლებენ, რომ თურმე კანონი იყო ცუდი, რომ პროკურატურამ არასწორად წარადგინა ბრალი და ა.შ. მოსამართლეობისთვის მხოლოდ კანონი რომ იყოს საკმარისი, სულ არ იქნებოდა ადამიანი-მოსამართლე, დააპროგრამირებდნენ კომპიუტერს და ის იტყოდა, ვინ არის მართალი და ვინ - არა. მოსამართლე სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. ისიც უნდა იცოდნენ, რომ კანონიერი და სამართლიანი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება განცხადებას, რომ მოსამართლეები შეიცვალნენ და თუ უწინ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ახლა კარგს აკეთებენ... ამგვარი არგუმენტის მოხმობა ისეთი სამარცხვინოა, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს”, - განაგრძობს რესპონდენტი. “სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე სულ კეთდებოდა განცხადებები, თუმცა ამის შემდეგ სისტემაში კრიზისი მივიღეთ, ბუნებრივია, მთელი ეს რეფორმა ეჭვქვეშ დგება. ისმის კითხვა: რას ემსახურებოდა და როგორ განხორციელდა - თუკი განხორციელდა - ცვლილებები. მარტივი ლოგიკით მივდივართ იქამდე, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების დროს რაღაც ისეთი ავადმყოფობა გამორჩათ, რამაც პათოლოგიური შედეგი მოიტანა. ამიტომ ამაზე პასუხისმგებელია მთელი ხელისუფლება და ყველა ის უწყება და ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, უპირველესად კი, ალბათ, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი”, - თვლის ექსპერტი.

“რამდენიმე დეპუტატის წასვლა ჯერჯერობით პარტიასა და ივანიშვილს პრობლემას ვერ შეუქმნის - ის ფიქრობს, რომ უმრავლესობის შენარჩუნებას მაინც შეძლებს, მეტიც - სხვა ადამიანების შემოკრებაც არ გაუჭირდება, მაგრამ მას შეიძლება გამორჩა ერთი რამ - პოლიტიკური გუნდის შეკრება არ არის მთავარი პრობლემა, მთავარი პრობლემა 2020 წლისთვის ხალხის ნდობის მოპოვებაა და ამან თავი უკვე იჩინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. იქ გუნდი მთელი შემადგენლობით იყო, მაგრამ პირველ ტურში, ფაქტობრივად, დამარცხდნენ. გუნდის ერთიანობაც ვერაფერს შველის, როცა ხალხი უნდობლად არის განწყობილი, მეტიც, ეს გუნდში იწვევს უფრო ძლიერ რყევებს. თუ “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ის ამის შემდეგ აუცილებლად დაიშლება მარტივ მამრავლებად. აქ ერთ ნიუანსსაც შევნიშნავ: თუ ამომრჩეველი იძულებული გახდა, არჩევანი კვლავაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გააკეთოს, სახელისუფლებო ძალას კიდევ შეიძლება ჰქონდეს მცირე უპირატესობის მოპოვების შანსი, მაგრამ თუ “ქართული ოცნებიდან” მართლაც წავიდა ეს ე.წ. აჯანყებულების ჯგუფი და ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდა მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომლის პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას დაემთხვევა, მაშინ "ქართულ ოცნებას" შანსი აღარ ექნება”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

“ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების ნდობის გაქრობა იქნება დიდი პრობლემა არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ქაოსის დიდი საფრთხე. ვვარაუდობთ, რომ შეიძლება მესამე ცენტრი გაჩნდეს, მაგრამ თუ არ გაჩნდა, არავინ იცის, რა პროცესები დაიწყება. არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ ძალთა ნაწილი აგრესიის გზას დაადგეს... დღეს ივანიშვილს ნდობის რესურსი მთლად ამოწურული არა აქვს, მეტიც - კიდევ აქვს დრო და შანსი, ეს ნდობა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს. მას უყვარს მოულოდნელი სვლები... თუ ახლაც დაპირებული ცვლილებების განხორციელების ნებას გამოიჩენს, სოციალური მიმართულებით გადადგამს რამდენიმე ეფექტიან ნაბიჯს მაინც - კიდევ მოახერხებს ავტორიტეტის გადარჩენას, თუმცა დღეს დიდი საფრთხის წინაშე დგას”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “მიხეილ სააკაშვილი ლიეჟში ხვდება ქართველ ემიგრანტებს...” - პასუხობს:

“სააკაშვილი ყველა შანსს იყენებს... არა მგონია, ემიგრაციის დიდი ნაწილი უჭერდეს მას მხარს, თუმცა იქ მყოფთა უმრავლესობამ კარგად არ იცის ქართული რეალობა. თუ მას ემიგრაცია გამოჰყვება, გამოვა, რომ ისინი სააკაშვილთან ახლოს ყოფნით ქართველ ხალხს დაუპირისპირდებიან. შეიძლება მისმა სიტყვებმა ემიგრანტთა გამოძახილიც პოვოს, მაგრამ რომც მიაღწიოს მიზანს და დააპიროს საქართველოში შემოსვლა, რომელი საზღვრიდან უნდა შემოვიდეს? რუსეთიდან თუ შემოვიდა, ცხადი იქნება, ვინ მართავს მას, თურქეთი კი ასეთი ავანტიურის უფლებას რუსეთის ნებართვის გარეშე მას არ მისცემს. რუსეთს ძალიან გაუჭირდება, ხმამაღლა განაცხადოს, გზა გავუხსენით სააკაშვილსო. აზერბაიჯანიდანაც ვერ შემოვა და საიდან უნდა შემოვიდეს? ამ შეკრებებით სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე დარჩნენ”.

რუსეთი ინტენსიურად და კომპლექსურად ემზადება საქართველოზე შეტევისთვის

“მოსკოვი საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დისლოცირებულ 58-ე არმიას მოტომსროლელი დივიზიებით აძლიერებს. სწორედ 58-ე არმია მიიჩნევა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან შეიარაღებულ ძალად და სწორედ 58-ე არმია გამოიყენა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომში. რატომ აძლიერებს სამხრეთ სამხედრო ოლქის არმიას რუსეთი და რა პროვოკაციებია მოსალოდნელი? უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ 58-ე არმიის გაძლიერება საქართველოსთვის დიდი საფრთხის შემცველია. ამ გაძლიერებული არმიის ერთ-ერთი სამიზნე, დიდი ალბათობით, საქართველო იქნება - ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით არსებულ მუდმივ გამოწვევებს ახლა ემატება კახეთიც ავარო-კახეთის გზატკეცილის მიმართულებით, პანკისის ხეობა და რუსეთი შეეცდება, ამ მიმართულებით საფრთხე და პროვოკაციები გაზარდოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსები საქართველოს საზღვართან დამატებით 2 დივიზიას განათავსებენ / 58-ე არმიის შემადგენლობა 120 ათას ჯარისკაცამდე იზრდება. რისთვის ემზადება რუსეთი?

“58-ე საერთო-საჯარისო არმია შედის სამხრეთ სამხედრო ოლქში, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშია საქართველო, ასევე, უკრაინა, ანექსირებული ყირიმი და ბოლო დროს თუკი რამ ახალი ტექნიკა გამოუშვა რუსულმა სამხედრო წარმოებამ, პირველ რიგში, სწორედ ამ სამხედრო ოლქში დისლოცირებულ ნაწილებს გადაეცა. ამავე ოლქის სამხედრო ნაწილები გადიან ყველაზე აქტიურ წვრთნას. რუსული მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში სამხრეთ სამხედრო ოლქში ორი ახალი მოტომსროლელი დივიზია გამოჩნდება. ამ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამხრეთ სამხედრო ოლქის დივიზიაში დიდი ცვლილებაა. მე-19 მოტომსროლელი ბრიგადა გადავა ვლადიკავკაზში, მალევე 58-ე არმიის შემადგენლობაში გადავა 136-ე ბრიგადა და ბრიგადის დონე გაიზრდება დივიზიის დონემდე, რითაც დაუბრუნდება 2010 წლის რეფორმამდელ მდგომარეობას, როდესაც, რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი დივიზიები ბრიგადებამდე შემცირდა. დღეისათვის სამხრეთ სამხედრო ოლქში დისლოცირებულია ორი მოტომსროლელი დივიზია. 58-ე არმიის შემადგენლობაში, რომელიც დისლოცირებულია ჩეჩნეთში, შედის 42-ე მოტომსროლელთა დივიზია; მე-8 არმიაში, რომელიც როსტოვის რეგიონშია დისლოცირებული, შედის 150-ე მოტომსროლელთა დივიზია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ რუსეთის გენშტაბი იწყებს ახალი სამხედრო დაჯგუფების - სამხედრო დამრტყმელი მუშტის შექმნას. მისი თვალსაზრისით, ჩრდილოეთ კავკასიაში 2 დივიზიის დამატებას, დიდი ალბათობით, ორი მთავარი ამოცანა აქვს, ერთი - ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური პროცესების დასტაბილურება და მეორე - საქართველოს მიმართულებით გააქტიურება. “ჯამში, სამხრეთ სამხედრო ოლქში 4 დივიზია იქნება, 120 000 ადამიანი, რაც უკვე სერიოზული ძალაა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ პროცესთან, რაც ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში იწყება. მოსკოვმა დაღესტანში დიდი წმენდა დაიწყო, დაპატიმრებულია მთავრობის დროებითი ხელმძღვანელი, პირველად დაღესტნის მეთაურად დანიშნულია ეროვნებით რუსი, თანაც ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ ვასილევი. ყარაჩაი-ჩერქეზეთში დაკავებულია ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი კლანის წარმომადგენელი, სენატორი რაუფ არაშუკოვი. იქ მობილიზებულია მთელი რუსული ძალოვანი სტრუქტურები. ასევე, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის შიდა დემარკაციის გამო სერიოზული უკმაყოფილებაა. არ არის გამორიცხული, რომ ეს ორი დივიზია ჩრდილო კავკასიაში არსებული ამ რთული პოლიტიკური ვითარების გამო შეიქმნა. ეს არის კავკასიის მილიტარიზაციის მეორე ეტაპი”, - ამბობს მაისაია, რომლის განმარტებით “პირველი ეტაპი იყო 2007-2008 წლებში და პირველი მილიტარიზაციის პროცესი ჩვენ საკუთარ თავზე გადავიტანეთ აგვისტოს ომისას”, - დასძენს გამოცემა.

“4 დივიზია ძალიან სერიოზულია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ემზადება შეტევითი ტიპის ოპერაციებისთვის. თანაც, 58-ე არმია საქართველოზეა პირდაპირ მიბჯენილი და შექმნილია იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, რაც უკვე ვნახეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირობებში. აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 10 000-მდე რუსი და აფხაზი სამხედროა, ხოლო ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე კონცენტრირებულია დაახლოებით 8 000 სამხედრო, რომლებიც ემორჩილებიან 58-ე არმიის სარდლობას. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი უშუალო საზღვრების მხარეს დამატებით ორი დივიზიის გამოჩენა უკვე ეჭვს არ ტოვებს, რომ სამიზნე საქართველოა. ერთი დივიზიის გამოჩენამ ბალტიის სახელმწიფოებთან ელეთმელეთი და ნატო-ს მე-5 მუხლის ამოქმედება გამოიწვია, ამერიკელებისა და ბრიტანელების კოალიციური ჯარები შეიყვანეს ბალტიის ქვეყნებში. ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოს საზღვრების ახლოს 4 დივიზია იქნება განლაგებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაიასაია.

“რადგან მე-8 არმიაში შეიქმნა კიდევ ერთი დივიზია, ეს ნიშნავს, რომ კახეთის მიმართულებითაც არის დაინტერესება. რუსეთი გეგმავს სამი მიმართულებით სვლას - აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და კახეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კადიროვს შექმნილი აქვს ჩეჩნური სპეციალური დანიშნულების მომზადების ცენტრი. ეს არის სამთო-დივერსიული ჯგუფები, მათი შემადგენლობა დაახლოებით 5000-ია. ამ სამთო-მოიერიშე ჯგუფების გააქტიურება შესაძლებელია პანკისთან, სადაც არის მთიანი ბილიკები... რუსეთმა უკვე დაიწყო მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია და ამზადებს ნიადაგს - იწერება, რომ სირიიდან და ერაყიდან “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებული მებრძოლები სახლში ბრუნდებიან, მათ შორის საქართველოშიც და საქართველოს გავლით ჩრდილოეთ კავკასიაშიც შეეცდებიან გადასვლას, რასაც რუსეთი არ დაუშვებს - საყურადღებოა ისიც, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და უკვე ხურვალეთში დემონსტრაციულად სათვალთვალო კოშკურებსაც აგებენ, რაც გარკვეულ სამზადისსაც უნდა ნიშნავდეს. ყველაფერი კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს - კოშკურების აგება, 2 დივიზიის დამატება და კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმების გააქტიურება. რუსული მხარე აშკარად მიზანმიმართულად ემზადება”, - დაასკვნის ექსპერტი.

“რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციის პროცესში უკვე საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს აღარ ითვალისწინებენ და მათთვის საბრძოლო თვალსაზრისით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცებაც დაიწყეს. თუკი ადრე მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებდნენ, სადაც სსრკ-ის დროს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა, ახლა, როგორც ჩანს, მათი გეგმები კიდევ უფრო შორს მიდის. მათ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების სათვალთვალო კოშკურისა და ჯიხურის დამონტაჟება იმ ადგილას დაიწყეს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასდროს ყოფილა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსები უკვე იმ ტერიტორიებს იტაცებენ, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ეკუთვნოდა.

“რუსებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები რაჭასა და ყაზბეგშიც ასე დაიკავეს. ახლა კი ოკუპირებულ ტერიტორიებზეც დაიწყეს. ძუკაანთკარის შემთხვევაშიც ეს ვითარება ჩანს. ისინი ვითომ ამ სსრ კავშირის დროინდელ რუკას მისდევენ, მაგრამ სადაც საჭირო ხდება, იქ პოზიციებს ისე იკავებენ, როგორც მათთვისაა ხელსაყრელი. ჩორჩანის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზეც ასე მოიქცნენ. ზოგან 200 მეტრით გადმოდიან, ზოგან უფრო მეტით - სტრატეგიულად როგორც სურთ, ისე აკეთებენ. საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში საკმაოდ რთულ სიტუაციაშია - არსებობს, მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების სივრცე და იქაც ამ თემაზე საუბარი ნაკლებადაა - როგორც კი ჩვენები ამაზე ხმას ამოიღებენ, ისინი მაშინვე ამბობენ - მოდით საზღვრების დემარკაცია მოვახდინოთო... ეს არის რუსების ეშმაკური ქმედება, რათა მათ ყველა სტრატეგიული სივრცე დაიკავონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.

“ხურვალეთის ინციდენტი 8 თებერვალს სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე მხარეების წარმომადგენლებმა ერგნეთში განიხილეს, თუმცა შეთანხმება არაფერზე მომხდარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტები ინტენსიურად მუშაობენ, კოშკურას დგამენ და ასხამენ ბეტონს, რათა სოფელში მუდმივად დასახლდნენ. რუსები ისე ახლო იმყოფებიან, თუ მოუნდებათ, ნებისმიერის სახლში შევლენ. თუ ადრე ტელევიზიის, პრესის გამოჩენისას ჯარისკაცები იმალებოდნენ, ახლა ამასაც აღარ ერიდებიან და მუშაობას აგრძელებენ... ”, - წერს სტატიის ავტორი.

“წულუკიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას...”

“სასამართლოსთან დაკავშირებით მივიღეთ ისეთი სავალალო სიტუაცია, რომელზეც ჯერ კიდევ 2012 წლიდან ვსაუბრობდით, რადგან უკვე ცნობილი იყო, რომ რეფორმა სათანადოდ ვერ მიდიოდა. საბჭოს დანიშვნა და მოსამართლეების შერჩევა თავიდანვე პრობლემური იყო და არასამთავრობო სექტორიც ამას ამბობდა. 2018 წლის მიწურულს დადგა კულმინაციური მომენტი - ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე საბჭოს კონკრეტულმა წევრებმა, რომლებიც სასამართლოს კლანს წარმოადგენენ, სასამართლოს სრული უზურპაცია მოახდინეს. კლანის თავგასულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, უნდა უზენაეს სასამართლოსაც დაეპატრონოს”, - აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “წულუკიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას...” / “ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე საბჭოს კონკრეტულმა წევრებმა, რომლებიც კლანს წარმოადგენენ, სასამართლოს სრული უზურპაცია მოახდინეს. კლანის თავგასულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, უნდა უზენაეს სასამართლოსაც დაეპატრონოს” / “ჯერ კიდევ შარშან ვამბობდით, რომ წულუკიანს უნდა დაეტოვებინა­ თანამდებობა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ის კბილებით დაიცვა”

"ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ეს ადამიანები ადრე თუ ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად იქცევიან - უტიფრობაა. კლანი საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს, მმართველი პარტია კი ლობირებს მას. ამასთან, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები უტიფრად აცხადებენ, რომ ვინც ამას აპროტესტებს, “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის ასოცირებული. თუ სასამართლო ხელისუფლება არ იქნა დემოკრატიული, რა რეფორმებიც უნდა გატარდეს, პოზიტიურ შედეგს ვერ მივიღებთ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”, როგორც მმართველ ხელისუფლებას, რადგან მან რეფორმის რამდენიმე ტალღით ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის გაჯანსაღება. პირველი ტალღა 2013 წელს დაიწყო და მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებული საკითხებით აეწყო. შემდეგი ტალღები დაგვიანდა ან მნიშვნელოვანი წინადადებები არ გაითვალისწინეს. ნაწილი სწორედ ამ კლანის ინტერესების გათვალისწინებით და მასთან შეთანხმებით ამოიღეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ბენიძე და შეკითხვაზე - “ამ რეფორმებს ხომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა?” - პასუხობს:

“მას ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა. თუმცა ის არ არის განყენებული, ის მთლიანად “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. ჯერ კიდევ შარშან ვამბობდით, რომ წულუკიანს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ის კბილებით დაიცვა. თუ აქამდე “ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, სასამართლო დამოუკიდებელია და ხელის ერთი მოსმით ვერაფერს ვუზამთო, დღეს პრაქტიკულად ერთსა და იმავე ინტერესებს ატარებენ და ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. კობახიძე ამბობს, ის ხალხი, რომელიც ცუდ საქმეებს აკეთებდა, დღეს ძალიან კარგ საქმეებს აკეთებსო და ასე დაუფარავად უწყობს ხელს კლანს გაძლიერებაში.

“წულუკიანი, სავარაუდოდ, იმიტომ დუმს, რომ რეფორმის მეოთხე ტალღა პარლამენტში გადავიდა. როგორც ჩანს, იუსტიციის მინისტრს არ ჰქონდა იმის აღქმა, რომ კიდევ დამატებითი ტალღები და რეფორმები იყო საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი თავის თავზე აიღო პარლამენტმა, იუსტიციის მინისტრმა პასიურობა არჩია. წულუკიანი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას. ის 2012 წლიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობს. საზოგადოება ელოდა, რომ სწორ ნაბიჯებს გადადგამდა სასამართლოსთან დაკავშირებით. ითქვა, რომ მან მართლმსაჯულების რეფორმას ვერ შეუწყო ხელი. ამ კონტექსტში პროკურატურაც იგულისხმება. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე პროკურორი შეიცვალა და ყველა მათგანთან სერიოზული კითხვები იყო. არ ვიცი, რატომ არის წულუკიანი “მარადმწვანე” მინისტრი... მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მიმდინარეობდეს დემოკრატიული რეფორმები, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ინსტიტუციების გაძლიერებას და ამაში საკვანძო საკითხი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაა. მან იუსტიციის სამინისტროში ადეკვატური რეფორმების გატარება ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო”, - დასძენს მიხეილ ბენიძე.

“ქართულ ოცნებას” ჩინჩალაძესთან მეგობრობა მოუღებს ბოლოს. ეს გარდაუვალია. “ქართული ოცნება” ისტორიულად აკეთებს მცდარ არჩევანს, სადაც ერთ მხარეს არიან მურუსიძე და ჩინჩალაძე, მეორე მხარეს კი მთელი ქართველი საზოგადოება. არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ხალხი ამ არჩევანის სიმწარეს მიხვდეს, მაგრამ თან იმას ვფიქრობ, რომ ვერც მიხვდებიან, რადგან კობახიძე და სხვები არიან ჩვეულებრივი ბიუროკრატები, დაქირავებული კომკავშირელები. არასოდეს უბრძოლიათ მორალური ფასეულობებისთვის, არაფერი გაუღიათ და, სავარაუდოდ, ვერც ხედავენ მოსალოდნელ მძიმე შედეგს”, - აცხადებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ანა დოლიძე: “ქართულ ოცნებას“ ჩინჩალაძესთან მეგობრობა მოუღებს ბოლოს”.

“ამ მოსამართლეებს შემდეგი ხელისუფლება მაინც არ გააჩერებს სასამართლოში და ვის მიჰყვებიან? გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს რომ მოეხერხებინა, პირდაპირ ემხილა და ჩამოეშორებინა ახალაია-სანოძე და თავის თავზე არ აეღო ეს ამბავი, ამით დასრულდებოდა ყველაფერი. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილს პოლიტიკური მდგომარეობის დაკარგვად დაუჯდა. “ქართული ოცნებაც” გადაჰყვება ჩინჩალაძე-მურუსიძეს... ერთი-ორი მოსამართლის დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდება, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ნიშნავს მართლმსაჯულების მთლიანად მიტაცებას. ამიტომ იბრძვიან ასე თავგამოდებით. თეა წულუკიანი ერთ-ერთი მთავარი პირია ამ სიტუაციაში, შესაბამისად, პასუხისმგებელიც. იმიტომაც იმალება. ეს ხომ სასაცილოა, თუმცა, ეტყობა, არ იცის, რა თქვას”, - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ანა დოლიძე.

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი პროცესებს უკვე სექტის ლიდერივით მართავს”

“ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა იმდენად სააკაშვილი არ არის, როგორც საკუთარი სიბრიყვე. სააკაშვილი დღევანდელ ვითარებაში საზღვარს მოადგეს და ამას რაიმე სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვეს, ეს არ მოხდება. საქართველოს ხელისუფლება ამდენად ჩამოშლილიც არ არის. სააკაშვილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, ამიტომაც ამ ნაბიჯს არ გადადგამს. სააკაშვილის მხრიდან ასეთი აქტიურობა პოლიტიკურ ცეცხლში მუდმივად შეშის შეკეთების მცდელობაა”, აცხადებს ანალიტოკისი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ივანიშვილის დაცვა უკვე ძალიან მიჭირს... იგი პროცესებს სექტის ლიდერივით მართავს - ხუხაშვილი.

“მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული სულელური და აბსურდი წერილით ხელისუფლებამ ფაქტობრივად თქვა, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ვარო - მან ხელი იმ სასამართლო მანკიერ სისტემაზე მოაწერა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს შეიქმნა. “ოცნების” მთავარი პრობლემა “ოცნებაა” და არა სააკაშვილი. მას მხოლოდ ხელისუფლების შეცდომების გამოყენება შეუძლია და დამერწმუნეთ ამას მშვენივრად იზამს, ის ამის სპეციალისტია. სააკაშვილის ეს ქცევა ხელისუფლების საჩვენებლად არის, რომ აქ რყევები გაგრძელდეს და ის სისულელეები აკეთონ, რასაც ის კარგად გამოიყენებს. ის ცდილობს, რომ პოლიტიკური ტემპერატურა მუდმივად მაღალ ნიშნულზე ჰქონდეს. ამასობაში კი ხელისუფლებამ მისი პერსონის მიმართ ისტერიული შიშით კიდევ დამატებით შეცდომები დაუშვას. არ მგონია დღეს ეს თემა აქტუალური იყოს, თუმცა ხვალ და ზეგ თუ ხელისუფლება ამ სისულელეებს გააგრძელებს, გამორიცხული მერე უკვე აღარაფერია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“დღეს სასამართლოს გვრიტიშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე და მეთოფიშვილი წარმოადგენენ, რომლებსაც იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში სამართალს ამკვიდრებდნენ, პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში არიან და აქეთ ბრალდებებს აყენებენ. ასეთი ხალხის ხელში მართლმსაჯულება საკმაოდ საშიშია და ეს უკან კარგად არავის დაუბრუნდება. რა უბედურებაში ვართ, ხომ წარმოგიდგენიათ. ბევრი არაფრის იმედი არ მაქვს პოლიტსაბჭოს ამ წარმოუდგენელი წერილის შემდეგ. მიშა სააკაშვილის დროსაც კი არ მახსოვს “ჩემი შენ გითხარი” პრინციპით მოქმედება. ვინც ამ მანკიერი სისტემის შენარჩუნებას ეწინააღმდეგება, ყველას “ნაციონალებს” ეძახიან. არა და ამ დროს „ნაციონალები“ თავად არიან”, - განაგრძობს რესპოდენტი და შეკითხვაზე - “ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი შიგნით სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს?” - პასუხობს:

“სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის დაცვა უკვე ძალიან მიჭირს... მურუსიძის დაწერილი წერილიც ხომ არ დაუმალეს - ფაქტია, რომ მას პოლიტსაბჭოზე ხელი მოაწერა და დაეთანხმა. სამწუხაროდ საქმე უფრო იმაზე მძიმედ არის ვიდრე მე ვფიქრობ. როგორც ჩანს, ივანიშვილი უკვე სიტუაციის მძევალია და ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოდის. ის გრძნობს კომფორტს, როდესაც პოლიტიკურ სისტემებს რელიგიური პრინციპებით მართავს. საერთოდ, მგონია მოსწონს და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაც არ უნდა. ამ საქციელის პოლიტიკური ლოგიკით ახსნა უკვე შეუძლებელია. ამას ის მხოლოდ კატასტროფისკენ მიჰყავს. ეს უკვე რწმენის და სარწმუნოების საკითხია. ფაქტობრივად სექტის პრინციპით დაიწყო ყველაფრის მართვა... ვფიქრობ, რომ სრულიად ახალი პოლიტიკური ცენტრებია გასაჩენი. სხვაგვარად არაფერი არ შეიცვლება და მუდმივად ერთ წრეზე ვიქნებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს