ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ხდება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური რგოლი

პარლამენტი ხდება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ინსტიტუცია, ცენტრალური რგოლი, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და რეგლამენტის მასშტაბური რეფორმის საფუძველზე, უკვე აღიჭურვა შესაბამისი საზედამხედველო ინსტრუმენტებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც კონფერენცია „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ მიმდინარეობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, რომ ექსპერტებმა, პარლამენტარებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრონ უსაფრთხოების სექტორში აღმოცენებულ ახალ საფრთხეებსა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაში არსებულ გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება და ხედვები და ერთობლივად განიხილონ გამოსავლის შესაძლო გზები.

„როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად საპარლამენტო კონტროლი, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ასევე, ახალი რეგლამენტი. პარლამენტი ხდება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ინსტიტუცია, ცენტრალური რგოლი, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და რეგლამენტის მასშტაბური რეფორმის საფუძველზე, უკვე აღიჭურვა შესაბამისი საზედამხედველო ინსტრუმენტებით.

რამდენიმე მაგალითს ჩამოვთვლი: გამარტივდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი, დაიხვეწა ინტერპელაციის პროცედურა, შემოღებულ იქნა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, გამარტივდა საგამოძიებო კომისიის შექმნის წესი, შემოღებულ იქნა მინისტრის საათი, ოპოზიციას მიენიჭა კომიტეტის სხდომაზე მინისტრების დაბარების უფლება.

დღევანდელი კონფერენციის მიზნებისთვის, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივაც. ამ უწყებების კონტროლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მოგეხსენებათ, ნდობის ჯგუფის როლი. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია, რომ გაუქმდა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონი და იქ არსებული რეგულაციები და შესაბამისი ცვლილებებით აისახა პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, გაიზარდა ნდობის ჯგუფის მანდატი და ის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების ზედამხედველობას. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის თანხმობით, ნდობის ჯგუფის წევრი ან წევრები უფლებამოსილი გახდნენ განახორციელონ ვიზიტები შესაბამის უწყებებში. ასევე, დადგინდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყებები, ვალდებული არიან საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანის შემდეგ, ნდობის ჯგუფს გააცნონ უწყების სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების შემცველი საიდუმლო ნორმატიული აქტები.

მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული დახვეწილი დებულებები პრაქტიკაში ეფექტურად გამოვიყენოთ. ამგვარი კონფერენციები, შეხვედრები, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და გამოწვევების თაობაზე მსჯელობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ კონფერენციას ესწრებიან შესაბამისი კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ორი დღე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო