განათლების ექსპერტი თამარ ჯაყელი - ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტებში ძალიან ბევრი გაუგებრობაა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემაში ფუნდამენტურ ცვლილებებს აანონსებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებები ეხება როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ისე სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ სასწავლო პროცესს.

რეფორმებიდან ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული კი სკოლის გამოსაშვები - ე.წ. კატის გამოცდების გაუქმება აღმოჩნდა, რომლის შესახებ განათლების სამინისტრომ ერთი კვირის წინ განაცხადა.

ცვლილებების თანახმად, 2019 წელს როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდები როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს ეხსნებათ და უმაღლესი საგანმანათლებლო საფეხურზე გადასასვლელად, პირდაპირ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.

გამოცდების მოხსნის საკითხს განათლების ექსპერტთა ნაწილი დადებითად აფასებს, ნაწილს კი კრიტიკული შენიშვნები აქვს და ცვლილებაში კორუფციის საფრთხესა და განათლების ხარისხის გაუარესების პერსპექტივას ხედავს.

არსებობს თუ არა აღნიშნული საფრთხე და რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ განათლების ექსპერტს თამარ ჯაყელს ესაუბრა:

- როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ისე განათლების ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ამჟამად განათლების სისტემაში ბევრი ხარვეზია, რომლებიც ხარისხის გაუმჯობესებას უშლის ხელს. თქვენ რომელ პრობლემურ საკითხებს გამოკვეთდით და როგორია მათი მოგვარების გზები?

- უამრავი პრობლემა იკვეთება და ჩემი აზრით, მათი საფუძველია ის მექანიცისტური ხედვა და წარმოდგენა, რომელიც ჩვენი ცნობიერების ღრმა შრეებშია დამკვიდრებული და განაგებს ჩვენს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ კონცეპტუალური ხედვიდან მომდინარეობს ყველა ის მექანიზმი, სტრატეგია თუ მიდგომა, რომლებიც ჩვენს სისტემაში დაინერგა ხარისხის ამაღლების მიზნით. უფრო კონკრეტულად: ამჟამად განათლების სისტემაში დამკვიდრებულია ისეთი ხედვა, რომელიც მხოლოდ გარეგანი ქცევებით ინტერესდება და ფიქრობს, რომ ადამიანი, როგორც მანქანა, როგორც ობიექტი, შეიძლება გარედან ვმართოთ და გარე ზეწოლის შედეგად გამოვიწვიოთ მასში სასურველი ქცევა. შესაბამისად, სისტემაში გვყავს „დირექტორი-ობიექტი“, „მასწავლებელი-ობიექტი“, „მოსწავლე-ობიექტი“, რომელთა მართვა გვსურს გარე ზეწოლების გზით. ზრდა-განვითარება და შინაგანი გარდაქმნა კი შეუძლია არა „ობიექტს“, არამედ მხოლოდ „სუბიექტს“ - პიროვნებას. ამიტომ აუცილებელია, ავამოქმედოთ პიროვნებაზე ორიენტირებული ბერკეტები, რომლებიც ყველა სუბიექტს აღუძრავს ზრდა-განვითარებისა და გარდაქმნის სურვილს. ასე რომ, ჩემი აზრით, ხარისხის გაუმჯობესებას ხელს უშლის სისტემაში მოქმედი „ადამიან-ობიექტზე“ ორიენტირებული ბერკეტები. სწორედ მათი დეკონსტრუირების პროცესებია დაწყებული, რის გარეშეც შეუძლებელია საგანმანათლებლო პროცესების განახლება.

- ზოგადი უნარ-ჩვევების სავალდებულო გამოცდების ნუსხიდან ამოღებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ის სწორედ ადამიანის ლოგიკურ აზროვნებასა და კომპლექსურ ცოდნას ამოწმებს. რამდენად ეთანხმებით ამ შეხედულებას?

- მიმაჩნია, რომ ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტებში ძალიან ბევრი გაუგებრობაა: ეს ინსტრუმენტი - ლოგიკური აზროვნების შემოწმებას რომ ისახავს მიზნად - თავადაა მოკლებული ყოველგვარ ლოგიკას. ჯერ ერთი, მათემატიკური ნაწილი მთლიანად მათემატიკურ ცოდნაზეა დამოკიდებული. ვინც მათემატიკა კარგად იცის, ის გაცილებით უკეთესს შედეგს მიაღწევს, ვიდრე ის, ვინც მათემატიკა არ იცის. ამ ნაწილში რაიმე კონრეტული ცოდნისგან დამოუკიდებელ „ზოგად უნარზე“ საუბარი ილუზიაა. მეორეც, ვერბალურ ნაწილში წაკითხულის გააზრებაზე მიმართული დავალებები ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში ისედაც არის, ანუ სრული გადაფარვაა.

ვერბალურ ნაწილში მოცემული ტესტური დავალებები, რომლებსაც ვითომდაც „პირწმინდად“ ზოგად უნარებს ამოწმებს, ასევე ილუზორულია, რადგან ისინი კონრეტულ ცოდნას ერწყმიან. მაგალითად, სიტყვათა მნიშვნელობებს შორის არსებული მიმართებების ამოსაცნობად, პირველ რიგში, საჭიროა, იმ სიტყვათა მნიშვნელობების ცოდნა. თუ აბიტურიენტმა სიტყვის მნიშვნელობს არ იცის - ანუ მას არ აქვს ეს კონრეტული ცოდნა, ბუნებრივია, ის „ზოგად უნარს“ ვერაფრით გამოავლენს. დამერწმუნეთ, ამ დავალებებში უხვადაა ისეთი სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს (მაგ. პანდემია, იმუნური, ინკოგნიტო, არქიპელაგი და მისთ). ანუ თუ მოსწავლემ არ იცის სიტყვის მნიშვნელობა, რა შევაფასეთ, ზოგად უნარი თუ კონრეტული ცოდნა?

საქმე ისაა, რომ „ზოგადი უნარების“ ტესტები ეფუძნება არასწორ პოსტულატს, რომლის მიხედვით ცალკეული უნარი ფიქსირებულია და ნებისმიერ კონტექსტში ერთნაირად გამოვლინდება. კოგნიტური მეცნიერებაში წარმოებულმა კვლევებმა კი აჩვენეს ამ პოსტულატის სიმცდარე. სპეციფიკური ცოდნა გადამწყვეტ როლს თამაშობს ზოგადი უნარების გამოვლენაში. სამწუხაროდ, ჩვენ წლების განმავლობაში ვრჩებით გულუბრყვილო წარმოდგენების ტყვეობაში, კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ ჩვენს წარმოდგენებს, მივდევთ ერთხელ გაკვალულ გზას; მეტიც, ხშირ შემთხვევებში არც კი ვაცნობიერებთ, რომ შეხედულებათა გადასინჯვის საჭიროება დგას. ამიტომაც ხდება, რომ განათლების მეცნიერების წინსვლის მიუხედავად, რომელმაც დიდი ხანია დაადასტურა განათლებაში მექანიცისტურ ხედვაზე დაფუძნებული მიდგომების უსაფუძვლობა, ვებღაუჭებით ერთხელ შექმნილს.

- რაც შეეხება სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნის საკითხს, როგორ ფიქრობთ, რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ის და ხედავთ თუ არა ისეთ საფრთხეებს, რაზეც ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილი საუბრობდა? მაგალითად, კორუფციის საფრთხეს ან განათლების ხარისხის დაწევას?!

- ე.წ. კატის გამოცდების გაუქმებას ვუყურებ როგორც დადებით მოვლენას, მაგრამ გული მწყდება, რომ ეს ერთი ცვლილება კონტექსტიდან ამოვარდნილი სახით განიხილება, აუცილებელია დაგეგმილი ცვლილებების მთლიანობაში განხილვა. გამოსაშვები, ანუ ე.წ.კატის გამოცდები მექანიცისტური ხედვის ნაყოფია და იგი ორ არასწორ პოსტულატს ეფუძნება. ერთ მათგანს ზემოთ შევეხეთ. მეორე პოსტულატი, რომელიც ეხება ასევე ზოგადი უნარების ტესტსაც, შემდეგში მდგომარეობს: ცოდნა მარტივ მამრავლებად, მარტივ კომპონენტებად იშლება, ცალკეული კომპონენტის იზოლირებულად შემოწმებით მთლიან ცოდნას შევამოწმებთ. კოგნიტურ მეცნიერებებში წარმოებულმა კვლევებმა კი უკვე დიდი ხანია დაადასტურა, რომ ცოდნას ქმნის არა ცალკეული კომპონენტების მექანიკური ჯამი, არამედ ამ კომპონენტების თვისებრივი ერთიანობა. რაც უფრო ურთიერთდაკავშირებული, იერარქიზებული და ორგანიზებულია გონებაში ცოდნათა ერთობლიობები, მით უფრო ძლიერია ჩვენი სააზროვნო უნარები. კარგი სპეციალისტი ის ადამიანია, რომელიც ფლობს ურთიერთდაკავშირებულ ცოდნათა სისტემას და არა ცოდნის იზოლირებული კომპონენტების გროვებს.

ამ გამოცდის არსებობა ზიანს აყენებდა სასწავლო პროცესს მრავალი თვალსაზრისით, აქ მხოლოდ ერთზე შევჩერდები.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოვარდ გარდნერი აღნიშნავდა ამერიკის სკოლებში დამკვიდრებულ „ტესტომანიასთან“ დაკავშირებით, რომ უკვე ძაღლი კი არ ამოძრავებს კუდს, არამედ კუდი ამოძრავებს ძაღლს. განათლების ენაზე ეს ნიშნავს შემდეგს: გამოცდა აფასებს არა იმ ცოდნას, რომელსაც სკოლა აძლევს მოსწავლეს, პირიქით: სკოლა აძლევს მოსწავლეებს იმ ცოდნას, რომელიც გამოცდაზე ფასდება. ზუსტად ასე მოხდა ჩვენთან და ეს ბუნებრივიცაა - ტესტები ხომ მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების ბედს წყვეტს. ამიტომ ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს, რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მოსწავლეებს, მთლიანად ჩაენაცვლა ტესტირების მოთხოვნები. განა ამგვარი ტესტების ჩამბარებელი თაობის ფორმირებაა ჩვენი ქვეყნის განათლების მიზანი? განა ამით გავზრდით პატრიოტ და მოაზროვნე მოქალაქეს? ვიდრე ეს ტესტირებები „ადამიან-ობიექტების“ ბედს წყვეტს, მანამდე საკლასო ოთახში საგანმანათლებლო პროცესს ვერ შევცლით. ამიტომ იყო აუცილებელი „კატის“ გაუქმება. აღარაფერს ვამბობ იმ სოციალურ უასამართლობაზე და არაჯანსაღ სასკოლო სიტუაციებზე, რომლებიც ამ გამოცდამ განაპირობა.

რაც შეეხება კორუფციას, აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე, რომლის დანერგვასაც პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ ითვალისწინებს. ეს არის ყოველწლიური ეროვნული შეფასებების ჩატარება, როგორც დაწყებით, ისე საბაზო საფეხურებზე. ამ გზით სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესები სრულიად გამჭვირვალე იქნება. მაგრამ ეს შეფასება განხორციელდება არა განსჯის, არამედ განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ გავაანალიზებთ, როგორ მიდის წინსვლა თითოეულ სკოლაში, სად არის შეფერხებები, სად რა ტიპის მხარდაჭერაა საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ცხადია, შესაბამის ინტერვენციებსაც განვახორციელებთ.

რაც შეეხება მასწავლებელთა შეფასების ახალ სისტემას. განათლების სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა. მასწავლებლებთან დაკავშირებული სიახლეები გულისხმობს ასევე საგაკვეთილო პროცესში დაკვირვებასა და გამოცდებსაც. გააუმჯობესებს თუ არა ეს ცვლილებები მასწავლებელთა კვალიფიკაციას?

სამწუხაროდ, ჩვენ შევქმენით ისეთი ბერკეტები, რომლებმაც გამოიწვიეს სასკოლო კულტურის სრული დეგრადირება. დღეს ჩვენს სკოლებში გარე ზეწოლების შედეგად დიდი უმრავლესობა შეპყრობილია თვითგადარჩენის ინსტიქტით, რადგანაც დასჯა-წახალისების მექანიზმების შედეგად საფრთხე შეექმნა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოთხოვნილებებს: პროფესიულ მიკუთვნილობას, დაფასებას, აღიარებას, პატივისცემას. განსჯის, მარცხის, დასჯის, შეურაცხყოფის, დამცირების შიშმა სკოლებში გააძლიერა შფოთვა, წუხილი, დაძაბულობა, გაამრავლა ვალდებულებები და მოჩვენებითი საქმიანობები. ამ არაჯანსაღ გარემოში ბავშვის განვითარებაზე საზრუნავად აღარავის სცხელა! რად გადავაქციეთ სააღმზრდელო გარემო, სადაც, წესით და რიგით, ყველა სათუთი, ნორჩი სულისა და გულის მქონე მოზარდების აღზრდა-განვითარებით უნდა იყოს დაკავებული?!

პირველი რიგის ამოცანაა, თითოეულ სკოლაში სასკოლო კულტურის გამოჯანსაღება, მოზარდებისთვის ჯანსაღი და მზრუნველი სააღმზრდელო გარემოს შეთავაზება, რომელშიც მოსწავლეს თავდადების, უანგარობის, მოქალაქეობრივი შეგნების, სასკოლო თემსა და გარემოზე ზრუნვის, საქმისადმი ერთგულების, ურთიერთპატივისცემისა თუ თანადგომის ცოცხალ მაგალითებს მისცემს. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს გაწონასწორებული და სრულფასოვანი მოქალაქის აღსაზრდელად ამ ისედაც ურთულეს ეპოქაში.

ამიტომ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ და ავამუშავოთ ისეთი ბერკეტები, რომლებიც თითოეულ მასწავლებელს დაარწმუნებს - ისინი ქვეყნისთვის ძალიან ღირებული საქმეს აკეთებენ და ეს საქმე მათ კარგად გამოსდით.

რაც შეეხება მასწავლებელთა შეფასების ახალ მოდელს, მე პირადად, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება შეფასების მიზნით ცოტა მაფიქრებს. ეს მხოლოდ მაშინ არის კარგი, როცა მასწავლებელთან თანამშრომლობ და მასთან ერთად ცდილობ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას - ეს ორმხრივ გამამდიდრებელი კონსტრუქციული პროცესია. სწორედ ეს არის ის, რაც ახლა კეთდება ჩვენი პროექტის ფარგლებში.

ვფიქრობ, რომ პედაგოგის შესაფასებლად მოსწავლის წინსვლის გაზომვა არის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი.

მარიამ მენაბდიშვილი

"ინტერპრესნიუსი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა