გიორგი მიქაუტაძე - პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს სურს გავლენა ჰქონდეს სასამართლო სისტემაზე

პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს, გარკვეულ პოლიტიკოსებს სურთ გავლენა ჰქონდეთ სასამართლო სისტემაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ის გამოეხმაურა პარლამენტის ცხრა დეპუტატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას გულისხმობს. გიორგი მიქაუტაძის თქმით, დეპუტატების აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ, მისი თქმით, სამართლებრივი დასაბუთება ამ კანონპროექტს არ აქვს.

„საკითხი ყველა მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია. საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, რომელიც ყველა მოსამართლეს ეხება და არამხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც შეიძლება კონკურსზე გადიოდნენ და ა.შ. ეს არის სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მინდა ორმხრივ დაგანახოთ საკითხის მნიშვნელობა. პირველი - ეს არის სამართლებრივი მხარე და საუბარი იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გაჟღერდა და რომელზეც ბიურომ დღეს უნდა იმსჯელოს. ეს არის ახალი ნორმის დამატება, რომელიც შეაჩერებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მოსამართლე უვადოდ ინიშნება და გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ ერთი ნორმაა, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში და უშვებს მოსამართლის პირველად განმწესების შემთხვევაში მის დანიშვნას სამი წლის ვადით. სხვა გამონაკლისს კონსტიტუცია არ უშვებს. ამიტომ, წარმოუდგენლად მიგვაჩნია სამართლებრივად დასაბუთება ამ საკანონმდებლო ცვლილების.

მეორე მხარეა უკვე მიზანშეწონილობის საკითხი, რატომ დადგა ეს დღის წესრიგში და ის რეფორმები, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქამდე, რომ მივიღოთ უვადოდ გადანიშნული კორპუსი. ეს არის დამოუკიდებლობის უმაღლესი გარანტია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. უვადოდ განმწესებულ მოსამართლეზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ რჩება, რატომ სურთ გარკვეულ ძალებს, გარკვეულ პოლიტიკოსებს ამ პროცესების შეჩერება და სასამართლო სისტემის დიდი პროგრესის უკუღმა შემოტრიალება?! პროგრესის, რომელიც მიიღო სახელმწიფომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის სახით. სხვა ლოგიკური ახსნა პირადად მე ვერ მოვუძებნე, რომ ეს არის მცდელობა, შენარჩუნდეს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები სასამართლო სისტემაზე, შენარჩუნდეს მოსამართლეთა ვადით დანიშვნა, რათა ისინი დამოკიდებულნი იყვნენ გარკვეულ ვადაზე. ამ კუთხით არსებობდეს ბერკეტები მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა, რომ პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს, გარკვეულ პოლიტიკოსებს სურთ გავლენა ჰქონდეთ სასამართლო სისტემაზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა