საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმებას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ‘’ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

„სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ყველა შენობაში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

სამსახურის ინტერესში არ შედის სანქციების გატარება. მთავარი ინტერესია, ყველგან დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, გასცეს კვალიფიციური რეკომენდაციები და დააწესოს გონივრული ვადები პრობლემების აღმოსაფხვრელად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია და არ შეუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმებას იწყებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა