ნათია მეზვრიშვილი - ყოველდღიურად ათობით ცივი იარაღის ამოღება ხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ ვინმე დგას 14 წლამდე არასრულწლოვნების დანაშაულის უკან, ისევ მათზე უფროსი არასრულწლოვნები, 17-18 წლის პირები არიან.

როგორც მეზვრიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული საკმაოდ მტკივნეულია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, არასრულწლოვანთა კოდექსი ძალიან კარგია.

„მე მას ვიცავდი და სულ დავიცავ, მაგრამ ამ კოდექსმა დროს გაუსწრო და რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო, პრევენციის, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებებით, არ გაკეთდა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს როგორც 14-დან 18 წლამდე პირებში, ასევე 14 წლამდე მოზარდებში. ძირითადად, ქურდობენ. საზოგადოების მოთხოვნა ხშირად მსმენია: კანონი გავამკაცროთ, ხომ არ დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი 14-დან 12 წლამდეო. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზაა. ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ძალისხმევას არ დააკლებს, იმუშავებს პრევენციაზე და მაინც ჩაიდენენ ისინი დანაშაულს. გამოსავალია სარეაბილიტაციო პროგრამები, პრევენციაზე, განათლებაზე მუშაობა. ხშირად გამიგონია, სამინისტრო ხედავს, არასრულწლოვნები დანაშაულს სჩადიან და არ აკავებენო. არ ვაკავებთ კი არა, ვერ ვაკავებთ. ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. თუ ვინმე დგას 14 წლამდე არასრულწლოვნების დანაშაულის უკან, ისევ მათზე უფროსი არასრულწლოვნები, 17-18 წლის პირები, ან ისინი, ვინც სრულწლოვანებას მიაღწია და იციან, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამიტომ ჰყავთ ჯგუფში არასრულწლოვნები, რომლებსაც პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნათია მეზვრიშვილმა ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძებების გატარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს ამ მიმართულებით მუშაობს.

„ამ მიმართულებით ვმუშაობთ. რეალურად ყოველდღიურად ათობით ცივი იარაღის ამოღება გვიხდება, თუმცა არ გვინდა ამან საზოგადოებაში პანიკა გამოიწვიოს და ამიტომ არ ვასაჯაროებთ. პარალელურად ვმუშაობთ კანონმდებლობის დახვეწაზე, რაც ბრუნვას დაარეგულირებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა