თქვენ გაქვთ 1%-იანი ინფორმაცია იმაზე, რაც უმრავლესობის სხდომაზე რეალურად მოხდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ იმაზე, რაც რეალურად უმრავლესობის სხდომაზე ხდება, ჟურნალისტებს წარმოდგენა არ აქვთ. მისივე თქმით, ვიღაცის ინტერესია, რომ გარეთ დამახინჯებული ინფორმაცია გამოვიდეს.
„რაც შეეხება უმრავლესობის სხდომების შინაარსს, რის მიწოდებაც ვითომდა წყაროს მეშვეობით ხდება, გულწრფელად გეუბნებით, თქვენ გაქვთ 1%-იანი ინფორმაცია იმაზე, რაც იქ რეალურად მოხდა. ჩათვალეთ, რომ თქვენ იქ არსებულ სიტუაციაზე წარმოდგენა არ გაქვთ, რადგან იქ სხვა პროცესები მიმდინარეობს. ვიღაცის ინტერესია, რომ მახინჯი ფორმით გამოვიდეს უმრავლესობის სხდომიდან ინფორმაციები", - განაცხადა ზარდიაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, ის პროცესებს აკვირდება და მალე დაიწყებს განცხადებების გაკეთებას თუ ვის რა ინტერესი აქვს.
"ამ პროცესებს ვაკვირდები. მე ამ ეტაპზე სულ ვცდილობ კომენტარებისგან თავის შეკავებას, მაგრამ იმდენად დინამიურად, სწრაფად და სუბიექტურად ვითარდება პროცესები, პირობას გაძლევთ, არამარტო კომენტირებას, არამედ ანალიზს შემოგთავაზებთ იმის შესახებ, რა ხდება და ვის რა ინტერესი აქვს", - განაცხადა ზარდიაშვილმა.