13 წლის ძმის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში  წარუდგენენ

13 წლის ძმის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვალერი ირემაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განუცხადა. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ბრალის წარდგენა სამედიცინო დაწესებულებაში მოხდეს.

რაც შეეეხება თავად დაკავებულის მდგომარეობას, ადვოკატ ზურა დალაქიშვილის ინფორმაციით, ის იმყოფება მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ და ამ დროისთვის მასთან კომუნიკაცია შეუძლებელია.

„სურვილი მქონდა შევხვედროდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც ექიმებმა განმარტეს, იგი იმყოფება მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, ამ წუთას მასთან კომუნიკაცია შეუძლებელია. გარკვეული პერიოდის შემდგომ, როგორც ექიმებმა განგვიმარტეს, უკვე შესაძლებელი იქნება.

ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ დღეს დაგეგმილია ბრალის წარდგენის პროცედურა. ამის შემდგომ გვეცოდინება კონკრეტულად თუ რას ედავება გამოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამასთან ერთად, გადმოგვეცემა მტკიცებულებები, რაც შემდგომ შესაძლებლობას მოგვცემს დეტალურად განვმარტოთ და დეტალურად ვისაუბროთ სავარაუდოდ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ხედვას, აშკარაა, რომ სახეზეა ფსიქიკური აშლილობის ძალიან მძიმე ფორმა. მე არ გახლავართ ამის სპეციალისტი, თუმცა რასაც ვხედავთ და როგორც კომუნიკაცია გვქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, აშკარაა, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები.

დაცვის მხარე მიიღებს ყველა ზომას, რომ დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზა და ამ ექსპერტიზით დადგინდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა.

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: 13 წლის ძმის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წარუდგენენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა