ლევან გოგიჩაიშვილი - როგორც ჩანს, ახალი სპიკერი იპოვეს - არ მგონია, რომ ვანო ზარდიაშვილია უმრავლესობის ლიდერი და გამოხატავს უმრავლესობის პოზიციას

როგორც ჩანს, ახალი სპიკერი იპოვეს. მე არ მგონია, რომ ზარდიაშვილი არის უმრავლესობის ლიდერი და ის გამოხატავს უმრავლესობის პოზიციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილის განცხადებას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტთან დაკავშირებით.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს, წინააღმდეგობა არ ექნება.

„ზარდიაშვილის სიტყვების კომენტირებას ვერ დავიწყებ. როგორც ჩანს, ახალი სპიკერი იპოვეს. მე არ მგონია, რომ ზარდიაშვილი არის უმრავლესობის ლიდერი და ის გამოხატავს უმრავლესობის პოზიციას. აჩიკო თალაკვაძის ფუნქციაა უმრავლესობის სახელით აკეთოს განცხადებები.

რაც შეეხება პროცესს, კარგმა იურისტებმა იციან, რომ არაკონსტიტუციურობას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, ჩემთვის უმრავლესობის პოზიციაა მთავარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ პრინციპული წინააღმდეგობა აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნებოდა იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭოში პროცესი არაჯანსაღად მიდის. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია პროცესი, კომიტეტის პოზიცია და პლენარული სესიის პოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იურიდიული კომიტეტი 3 დღეში შეიტანს ამას დღის წესრიგში,"-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს უვადოდ არა კვალიფიკაციის, არამედ პირადი ერთგულების საფუძველზე ნიშნავს. როგორც გოგიჩაიშვილმა განაცხადა, დღევანდელი სასამართლო სისტემა "ადეიშვილის პროკურატურას დაემსგავსა."

„პრობლემა არის დღევანდელი მოცემულობა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვაქვს. საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს არა კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, არამედ პირადი ერთგულების საფუძველზე. ეს არის დიდი ინსტრუმენტი მათთვის, ჯიბეში ჩაისვან მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი მძევლად ჰყავდეთ აყვანილი. იუსტიციის სკოლიდან, რომელიც სასამართლოსთვის მოსამართლეების მთავარი მიმწოდებელი უნდა იყოს, სადღაც 7-8 ადამიანი ახერხებს ამ სკოლიდან სასამართლო ხელისუფლებაში გადავიდეს, ვინაიდან მოგუდული ჰყავთ იუსტიციის სკოლა. ზოგ ადამიანს გამოსაცდელი ვადაც არ აქვს გასული, რომ აღმოჩნდება უვადოდ დანიშნული. დღეს სასამართლო დახურული სისტემაა, რომელიც ადეიშვილის პროკურატურას დაემსგავსა დახურულობის თვალსაზრისით. პარლამენტი კი ვალდებულია სასამართლო ხელისუფლება გახსნას საზოგადოებისთვის,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

„ამ ინიციატივას, თუ ის პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინიციატივა არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერა ვერ ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა