„საქნახშირში“ ტყიბულის ერთ-ერთი შახტის  გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

„საქნახშირში“ ტყიბულის ორჯონიკიძის შახტის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდეს ინფორმაცია, ტყიბულის ერთ-ერთი შახტა, კერძოდ, შახტა „ორჯონიკიძე“ ამერიკულ კომპანიაზე იყიდება, თუმცა „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი შახტის გაყიდვის ფაქტს უარყოფს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შახტა „ორჯონიკიძე“ უკვე 30 წელია არ მუშაობს და ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე კომპანია მისი შეძენით დაინტერესდეს.

გარდა ამისა, ჯაყელმა უშუალოდ ქვანახშირის რეალიზაციის პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომპანია წლებია წაგებაზე მუშაობს.

„არაერთი პრობლემაა, მათ შორის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მოძველებული ტექნიკა. ამასთან, 2017- 2018 წლებში ხელშეკრულების მიხედვით, 230 000 ტონას ყიდულობდა „ჰაიდელბერგი“, თუმცა წელს ახალი ქარხანა გახსნა კასპში, რომელიც მშრალ მეთოდზე მუშაობს, „ჰაიდელბერგის“ მოთხოვნა ქვანახშირზე 70 000 ტონამდე შემცირდა. კომპანია რთულ მდგომარეობაშია რადგან თვეებია არ ვმუშაობთ, ამის მიუხედავად, ყოველთვიურად დაახლოებით 1,3 მლნ ლარს ხელფასის სახით გავცემთ,“ - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

აღსანიშნავია, რომ შახტის შესაძლო გაყიდვის ფაქტს არც ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შახტის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ცნობისთვის, შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ჰოლდინგი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომლის მფლობელიც დავით ბეჟუაშვილია. ამჟამად ტყიბულში სამუშაოები შეჩერებულია და იქ გერმანელი ექსპერტები კვლევებს ატარებენ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა