საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს კონსტიტუციური კანონიერების შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტატისტიკას და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყოველწლიურად წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ გუშინ და გუშინწინ, ბორჯომში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის საქმიანობა და გაცვალეს მოსაზრებები კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასება უცხოური გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. კერძოდ, გამოცემამ ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეაქვს საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუმჯობესების პროცესში. გამოცემა ასევე მიმოიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული წარმატებები. 2018 წლის პრაქტიკიდან აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა - ბრალდებულის, დაზარალებულის, დაცვის მხარის - უფლებების უზრუნველყოფის საკითხზე. ასევე, არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეწარმეობის თავისუფლებისა და სახელმწიფო ორგანოებში დაცულ ინფორმაციაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური გარანტიების განმარტებები. ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://www.constcourt.ge/uploads/other/4/4234.pdf უცხოური გამოცემის სტატიის სრული ვერსიის სანახავად ინგლისურ ენაზე მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2WUsIoQ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.