თბილისში პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზამთრის პირველი აკადემია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და დაფინანსებით, თემაზე - „კვლევითი მიმართულება ძლიერი პარლამენტებისთვის“ ზამთრის აკადემიამ მუშაობა დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის კვლევით მიმართულებებზე პრეზენტაციები და ლექციები გაიმართება.

ზამთრის აკადემიის პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში, აპარატის ხელმძღვანელმა, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ტრენინგების კურსის ჩატარების ფინანსური მხარდაჭერისთვის GIZ-ის როლი და ჩართულობა განსაკუთრებულად აღნიშნა.

„დღეს ერთგვარად ისტორიული დღეა, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის პირველი ზამთრის აკადემია იხსნება, რომელიც ტრადიციული გახდება. აღსანიშნავია, რომ იგი რეგიონის ექვსივე ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, ბელარუსის და უკრაინის კვლევითი მიმართულების თანამშრომლებს აერთიანებს. ღონისძიება „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში ტარდება და მას დასაბამი 2018 წლის სექტემბერში მიეცა, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთა ქსელი დაფუძნდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქსელის ფარგლებში უკვე არაერთი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა. ღონისძიების ჩატარებაში განსაკუთრებულად აქტიურად არის ჩართული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგი, რომლის წარმომადგენლები და ექსპერტები სასწავლო პროცესს წარუძღვებიან და რომლებიც აკადემიის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ. აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ ღონისძიებას ჩემთან ერთად ხსნის სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალდანიშნული აპარატის ხელმძღვანელი და ჩვენ ერთობლივი მოლაპარაკებების ფარგლებში შევთანხმდით, რომ სწორედ თბილისში სიმბოლურად გაგვეხსნა ზამთრის აკადემია. მოგილოცავთ პირველი ზამთრის აკადემიის გახსნას და საინტერესო სამუშაო პროცესს გისურვებთ. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, რადგან ერთობლივი ძალისხმევით ბევრი გამოწვევის დაძლევას შევძლებთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით სომხეთის ეროვნული ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ტიგრან გალსტიანმა და GIZ-ის წარმომადგენელმა, თამარ ზოდელავამ მიმართეს. გამომსვლელებმა ზამთრის აკადემიის გამართვის მნიშვნელობასა და პარლამენტის ეფექტურად საქმიანობისთვის სატრენინგო კურსის თემებზე ისაუბრეს.

ზამთრის აკადემიის ფარგლებში, 11-15 თებერვალს, ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, თემატური ტრენინგების კურსს გაივლიან და კვლევითი მიმართულებებზე გერმანიის გამოცდილებას გაეცნობიან. კურსის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებს, შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა