ლევან დავითაშვილი - შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს მავნებებლების წინააღმდეგ აგროსამუშაოები ეფექტიანად ჩაატარონ

ზუგდიდში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენცია გაიმართა, სადაც თხილისსექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დამსწრეებს მიმდინარე პროგრამა გააცნო, რომელიც თხილის დაცვას ეხება.

მისი თქმით, სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს მავნებებლების და სოკოვანი დაავდებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცემს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატებს და უსაფრთხოების საშუალებებს.

„თხილთან დაკავშირებით საქართველოში გვაქვს გამოწვევები როგორც სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებით, ასევე აზიურ ფაროსანასთან მიმართებაში. გარდა ინტეგრირებული და კომპენსირებული ღონისძიებებისა, ამას არაფერი უშველის. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის ორგანიზება მოვახერხოთ და ამ პრობლემას ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ფერმერების ჩართულობა. წელს 15 ათასამდე ფერმერის ჩართვას ვგეგმავთ თხილის გადარჩენის პროგრამაში. ამისთვის კი მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებია გამოყოფილი. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა ღონისძიება ჩაატარონ იმ კონსულტანტების რჩევების შესაბამისად, რომელსაც სამინისტრო და ფერმერთა ასოციაცია მოამზადებს. ამავე დროს მნიშვნელოვანია ყველა ფერმერს პრეპარატებზე განვადების წვდომა ჰქონდეს. იმ პრეპარატებს და შხამქიმიკატებს, რომლითაც უნდა მოხდეს ნაკვეთების დამუშავება, სახელმწიფო ფერმერთა გაერთიანებებს უფასოდ გადასცემს. დაახლოებით, ყოველ 10 ჰექტარზე ჩვენ გვექნება ერთი მაღალი ეფექტურობის შესაწამლი პრეპარატი. 200 ასეთი აპარატის შეძენას ვგეგმავთ წლის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„თხილის დაცვის პროგრამა“ შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს: აგროკონსულტანტის მომსახურება ფერმერთა თითოეული ჯგუფისთვის, თვეში 2-ჯერ ვიზიტი/ტრენინგი, ოპტიმალური წამლობის სქემების დაგეგმვა და შეთავაზება.; მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატებითა და უსაფრთხოების საშუალებებით უზრუნველყოფა (10 ჰა - 1 მაღალეფექტური შესაწამლი აპარატი 200ლ); შეღავათები პრეპარატებზე ასოციაციის „ფერმერთა მომსახურების ცენტრებში“; ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამდგომლობა (ბანკები, მიკროსაფინონსო ორგანიზაციები); ნიადაგის ნაყოფიერების მართვა და ანალიზებით უზრუნველყოფა; შეღავათები სერვისებზე ასოციაციის თხილის საშრობ და სასაწყობე ცენტრებში ; სპეციალური „ფერმერის დღიურების“ გადაცემა; მოსავლის ხარისხის კონტროლი; მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის რეალიზაციაში დახმარება; ახალი ბაღების გაშენების შემთხვევაში დაგეგმარება და დარგვა თანამედროვე სტანდარტებით ფერმერის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებები; გასხვლა-ფორმირება და გამოხშირვა; სადრენაჟო არხების მოწყობა-მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში); მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, კომბინირებული წამლობა მაღალეფექტური შესაწამლი აპარატის გამოყენებით.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – მისიის ხელმძღვანელი პიტერ ა. ვიბლერი, 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო