ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდია იკითხება

ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის უმარტივესი იქნება აღნიშნული მოწმის, მიხეილ კალანდიას უფრო მეტად დისკრედიტაცია, - ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას კითხავენ.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს აღნიშნული მოწმის რეაბილიტაცია მოახდინოს.

"იმისათვის, რათა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, საჭიროა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოწმის ჩვენებები უნდა იყოს დამაჯერებელი და სანდო, რათა მან აღნიშნული კრიტერიუმები გადალახოს. წარმოიდგინეთ, რამდენადაა უტყუარი მტკიცებულება და რამდენადაა სანდო მოწმე ადამიანი, რომელიც საგამოძიებო ორგანოში სამჯერ გამოიკითხება და სამივეჯერ აბსოლუტურად განსხვავებულ ინფორმაციას მიაწვდის საგამოძიებო ორგანოს. შემდეგ ეს მოწმე მოდის სასამართლოში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს მისი დაკითხვა და სამი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, სამჯერ ცვლის ჩვენებას უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს აწვდის სასამართლოს. განაჩენის შემდეგ ეს მოწმე კიდევ იკითხება და კიდევ ცვლის მის მიერ მანამდე მიცემულ ყველა ჩვენებას. რაც შეეხება ზემოქმედებას, როდესაც თავად მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა, ჩემ მიმართ არანაირი ზემოქმედება არ განხორციელებულაო, თუმცა რამდენიმე გამოკითხვის შემდეგ ამბობს, რომ მე იმიტომ მივეცი აქამდე ცრუ ჩვენება, ჩემ მიმართ ზემოქმედება მოხდაო. ასეთი მოწმის დამაჯერებლობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მოწმე ზემოქმედებაზე საუბრობს ერთ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, მაგრამ რა ვუყოთ იმ სხვა უმნიშვნელოვანეს ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც მოწმე ყოველგვარ ზემოქმედებას უარყოფს, მაგრამ ცვლის ჩვენებას. ასეთი მოწმის ჩვენებას ჩვენ ვერ ვენდობით, ადამიანის ბედს ვერ გადავწყვეტთ ასეთი მოწმის ჩვენების საფუძველზე. ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულებებით უნდა დადგეს გამატყუნებელი განაჩენი. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ დღევანდელი დღე არის ბრალდების მხარის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული მოწმის რეაბილიტაცია მოახდინოს და ჯიუტად შეეცადოს სასამართლოს დარწმუნებას იმაში, რომ ეს მოწმეა სანდო. როგორც არ უნდა მოამზადონ აღნიშნული მოწმე, როგორი დატრენინგებულიც არ უნდა მოვიდეს, ვერანაირად შეძლებს დამაჯერებელი ჩვენების მიცემას, ვინაიდან მას უკვე იმდენი ურთიერთსაწინააღნდეგო ინფორმაცია აქვს მიწოდებული სასამართლოსთვის, რომ ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის უმარტივესი იქნება, აღნიშნული მოწმის უფრო მეტად დისკრედიტაცია", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო