გრიგოლ გეგელია - შეიძლება ხელისუფლებას სურს, „მყარი ხელი გამოაჩინოს“, მაგრამ დავით კირკიტაძის პოლიტიკური დევნა, გადაჭარბებული მგონია

განცხადებები, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დავით კირკიტაძის პოლიტიკური დევნა, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს, - აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა გრიგოლ გეგელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების შესახებ საუბრისას გააკეთა.

„დავით კირკიტაძემ ყველას დასანახად ჩაიდინა დანაშაულებრივი აქტი, მაგრამ სადაოა ფაქტი, თუ რამდენად ადეკვატურია ნორმა, რითაც მას შეეფარდა პატიმრობა. ეს არის იურისტების განსასჯელი. სასამართლოს აქვს განუზომლად დიდი არჩევანი და შესაძლებლობა, მას სურვილის შემთხვევაში შეეძლო პატიმრობაში არ დაეტოვებინა იგი.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური დევნა, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს, რადგან ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ დავით კირკიტაძემ ჩაიდინა დანაშაული. საკითხავია ის, თუ რამდენად ადეკვატურია ამხელა ზომის გამოყენება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყოფილა სხვა ტიპის „ქეისებიც“, როდესაც ჯარიმა შეეფარდა ადამიანს და არა პატიმრობა. მიუხედავად ამისა, განცხადებები, რომ კირკიტაძის დაკავება ცალსახად პოლიტიკური დევნაა, გადაჭარბებული მგონია იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ დანაშაულის მომენტი,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ამ სახით ძალის დემონსტრირებას ცდილობდეს.

„შეიძლება ასეც იყოს იმისთვის, რომ უფრო მყარი ხელი გამოაჩინოს ხელისუფლებამ. უნდა გვახსოვდეს, რომ შემთხვევა მოხდა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სურდა ეჩვენებინა, რომ ის არის ერთადერთი მთავარი მაკონტროლებელი ქვეყანაში,“ - აღნიშნა გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს