ადვოკატი მიხეილ კალანდიას დაკითხვაზე - მან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელიც ეწინააღმდეგება მის მიერ გამოძიებაში და სასამართლოში მიცემულ ინფორმაციას

გამოძიება არასწორადაა წარმართული და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ბევრი რამ არის გაფუჭებული, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნის გ.ჯ.-ს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს მიხეილ კალანდია დაიკითხა.

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში მოწმეების დაკითხვის, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ უტყუარად დადასტურდა, რომ საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონდა საქმე სრულყოფილად გამოძიებული, ბრალდების მხარე მაინც ჯიუტად იმეორებს იმას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

მისივე თქმით, გამოძიებას თუ ექნება ნება, შესაძლებელია საქმის სწორ გზაზე დაყენება.

„საქმე არის არასწორად გამოძიებული. გამოძიება არასწორადაა წარმართული და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ბევრი რამ არის გაფუჭებული. მე მესმის, რომ ამ ეტაპზე ამ ყველაფრის გამოსწორება ძალიან რთულია, მაგრამ თუ საგამოძიებო ორგანოს ნება და სურვილი იარსებებს, მათ შეუძლიათ ნამდვილად, რომ აღნიშნული გამოძიება დაადგეს სწორ გზას და ბოლომდე მივიდეს. თუ სასამართლო შეინარჩუნებს პრინციპულობასა და მიუკერძოებლობას, არანაირად არ გაიზიარებს ბრალდების მხარის აბსურდულ პოზიციას. ჩვენ დღეს დავკითხეთ ბრალდების მხარის მთავარი მოწმე და ძირითადად მოვისმინეთ მისი მცდელობები, აეხსნა ის, თუ რატომ აძლევდა საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოს სრულიად ურთიერთსაწინაღმდეგო ინფორმაციებს. მოწმის ახსნა-განმარტება არ იყო დამაჯერებელი, პირიქით მან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელიც კიდევ უფრო ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის პოზიციას, ვერსიას და საერთოდ ბრალდების დადგენილებას, ასევე ეწინააღმდეგება მის მიერ გამოძიებაში და სასამართლოში მიცემულ ინფორმაციას", - განაცხადა კაკაბაძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ თორნიკე ნადირაძის თქმით, დღეს კალანდია მასზე ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა და დადასტურდა, რომ თავის დროზე სასამართლოს სანდო ჩვენება მიაწოდა.

"ბრალდების მხარემ დაკითხა მოწმე, ჰქონდა მოლოდინი, რომ ისაუბრებდა ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე ცალსახად განმარტა, მის მიმართ განხორციელდა ზემოქმედება მერაბ მორჩაძის მიერ კონკრეტულ საკითხზე. ამ საკითხზე მან დეტალურად მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია. ის, რომ მოწმე მ.კ.-მ თავის დროზე სასამართლოს სანდო ჩვენება მიაწოდა, ეს ცალსახად დადასტურდა. მიხეილ კალანდიამ კონკრეტულ შემთხვევაში მიუთითა თუ რა ტიპის ზემოქმედება იყო მასზე განხორციელებული და კონკრეტულად რა მოთხოვნა იყო, რა უნდა შეეცვალა სასამართლოსთვის მისაწოდებელ ჩვენებაში", - განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო