ლევან გოგიჩაიშვილი - კონსტიტუციაში ცვლილების შემთხვევაში, გაიზრდება მოსამართლეთა თავისუფლების ხარისხი და ისინი არ იქნებიან გვრიტიშვილთან, ჩინჩალაძესთან და მეთოფიშვილთან ვალდებულნი

კონსტიტუციაში ცვლილების შემთხვევაში, გაიზრდება მოსამართლეთა თავისუფლების ხარისხი და ისინი არ იქნებიან გვრიტიშვილთან, ჩინჩალაძესთან და მეთოფიშვილთან ვალდებულნი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალი ინიციატივა, რომელიც გუშინ ეკა ბესელიამ მედიასთან დააანონსა, მართვისა და კონტროლის განხორციელების ბერკეტს თავად მოსამართლეებს გაუზრდის. ბესელიას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე დაგემილია შეხვედრები ამომრჩევლებთან. დეპუტატის შეფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები გასცდა როგორც „ქართულ ოცნებას“, პარლამენტს და ახლა გასაღები საზოგადოებას აქვს.

“ეს არის პოლიტიკური პროცესი და ჩვენ ყველანაირ ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეფორმა შედგეს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ კარგი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში და შემდგომში დავიწყოთ პირველი და მეორე ინსტანციის გაჯანსაღების პროცესი, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია და ცუდი პერსპექტივა აქვს. უზენაეს სასამართლოს აქვს კიდევ შანსი გადარჩეს, რადგან ახალი სუფთა ხალხი ამ პროცესს უზრუნველყოფს. ჩათვალეთ, ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებული იქნება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ პროცესის მონაწილე არის მთელი ქვეყანა, ეს უკვე გასცდა უმრავლესობასაც, უმცირესობასაც და პარლამენტსაც. ამ საკითხის გადაწყვეტის გასაღები მარტო პარლამენტში არ დევს, გასაღები ხალხშიც დევს.

პარლამენტი ვერ აუვლის ხალხის ინტერესს გვერდს და ეს პროცესი, როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციურობაზე, ცვლილებებზე, გასულია პარლამენტიდან. არასწორია თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ ამ საკითხზე მხოლოდ პარლამენტში ვფიქრობთ. კონსულტაცია იქნება სამოქალაქო სექტორთან, ამომრჩეველთან, ადამიანებს უნდა ვკითხოთ აზრი. თუ შერჩევა მოხდება კეთილსინდისიერი მოსამართლეების, ახალი მოსამართლეებით უფრო მეტი შანსი ჩნდება, რომ თვითონ მოგვარდნენ. ცვლილების შემთხვევაში გაიზრდება მოსამართლეთა თავისუფლების ხარისხი და ისინი არ იქნებიან გვრიტიშვილთან, ჩინჩალაძესთან და მეთოფიშვილთან ვალდებულებაში. დიდია იმ მოსამართლეთა რაოდენობა, რომლებიც არიან კონკრეტულ ადამიანებთან ვალდებულებაში. ჩვენ თუ ბოლომდე მივალთ, ყველა იტყვის, რომ ეს ამათ ღირდა!“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი ცვლილების შესახებ განცხადება ეკა ბესელიამ გუშინ გააკეთა. დეპუტატმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ცვლილება უკვე უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შეეხებათ. ეკა ბესელიას განცხადებით, ცვლილებები, რომლის დეტალებიც ჯერ უცნობია, საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროება. არსებული ინფორმაციით, ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები მომავალ კვირას დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს