ხილიანზე, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებული დ.ვ. იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, სადაც რამდენიმე საათის წინ ხილიანზე ხანძარი გაჩნდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებული პირი დედაზე სისტემურად ძალადობდა. მათი თქმით, მამაკაცი ხშირად იმუქრებოდა, რომ სახლს გადაწვავდა, დღეს კი მის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მეზობლები ვარადობენ, რომ ხანძარი მამაკაცმა გამიზნულად გააჩინა, ვინაიდან მსგავსი ფაქტი დ.ვ-მ გასულ წელსაც ჩაიდიინა, როდესაც საცხოვრებელ სახლში დედა და მისი ძმა იმყოფებოდნენ. ჩიქოვანის ქუჩის მცხოვრებლები არ გამორიცხავდნენ, რომ ხანძრის დროს დაკავებულის დედა სახლში იმოფებოდა და მათ ის გარდაცვლილი ეგონათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შუახნის ქალბატონი, მას შემდეგ, რაც შვილი ფიზიკურად გაუსწორდა, თავშესაფარში იმყოფებოდა. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ხანძარს, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

იხილეთ ვიდეო: ხილიანზე დედაზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს