MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი, რომელშიც ვიდეოკამერებია განთავსებული, თბილისში დღეიდან, ეტაპობრივად  შემოვა

თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კახა კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, 90 ერთეული ავტობუსიდან ნაწილი უკვე დამზადებულია, რომლის ფერზე გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობასთან ერთად მიიღეს.

„90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ. გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულ კომპანიას MAN-ის ტიპის ავტობუსები შემოყავს. MAN-ის ტიპის ავტობუსები, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, საკმაოდ კომფორტულია. უახლოეს მომავალში კი დამატებით 90 ერთეული შემოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გვაქვს დაგეგმილი. ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე დამზადებულია და რამდენიმე დღეში, თბილისში შემოვა. ეს არის ათი მეტრის სიგრძის, ევრო-6-ის ტიპის, დიზელზე მომუშავე ავტობუსი, რომელშიც განთავსებულია ვიდეოკამერები იმისთვის, რომ ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული. გათვალისწინებულია ასევე, შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს.

„ახალი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ. აღსანიშნავია, რომ მეტროში მგზავრთა ნაკადი 25%-ით არის გაზრდილი და ახალ შემადგენლობებს ვამატებთ იმისთვის, რომ პიკის საათებში მოცდის დრო შევამციროთ. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გამოვეხმაურო წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სადაც ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

MAN-ის ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი თბილისში გამოსაგზავნად უკვე მზადაა. ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 10-მეტრიანია, აქვს 27 სკამი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით - გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა, ასევე, დაცულია მოცურებისგან; ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია USB-დამტენების რვა წერტილით, რომელიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილზე.

ავტობუსები ასევე, აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემითა და გააჩნია გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება. MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი ქალაქში დღეიდან, ეტაპობრივად შემოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს