თამარ ხულორდავა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებაზე - მხოლოდ ეს ინიციატივა არსებულ პრობლემებს, სავარაუდოდ, ვერ მოაგვარებს

მხოლოდ ეს ინიციატივა არსებულ პრობლემებს, სავარაუდოდ, ვერ მოაგვარებს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მომზადებული ინიციატივა.

„სასამართლო რეფორმა არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რამ მათ შორის იმ საკითხებში, რაზეც პარლამენტს მოუწევს მსჯელობა. ჩვენ გვაქვს კონრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი და პრიორიტეტული საკითხი. ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მე ვერ შევალ, რადგან ამას სჭირდება ცოტა ვრცელი და სხვა ფორმატი. იმიტომ რომ მგონია, რომ მხოლოდ ეს ინიციატივა არსებულ პრობლემებს, სავარაუდოდ, ვერ მოაგვარებს", - განაცხადა თამარ ხულორავამ.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის ინიციატივა პარლამენტს ეკა ბესელიამ რვა კოლეგასთან ერთად შესთავაზა.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.