მამუკა ბახტაძე - ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა სერვისებზე

არ აქვს მნიშვნელობა, სად იზრდებიან ჩვენი ბავშვები და მოზარდები, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა სერვისებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოში განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

პრემიერის თქმით, საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის იდეა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ რეგიონებში, სოფლებში შეძლოს ისარგებლოს ყველანაირი მომსახურებით და სერვისით.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი, შესაბამისად, ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი ეკონომიკური მოდელი რეგიონებში და კიდევ უფრო წავახალისოთ ეკონომიკური განვითარება, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენს ყველა სოფელში, მოსახლეობას შევუქმნათ ერთიანი პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ჩემთვის პირადად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ჰქონდეს თანაბრად ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით სულ უფრო წინ მივდივართ და დღეს საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ე საზოგადოებრივ ცენტრს ვხსნით და რამდენიმე კვირაში გავხსნით კიდევ ახალ ცენტრს ტყიბულში. ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხის მომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას, თქვენ გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ ისარგებლონ უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არ აქვს მნიშვნელობა, სად იზრდებიან ჩვენი ბავშვები და მოზარდები, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ამ სერვისებზე. აღსანიშნავია, რომ ცენტრში განთავსდება კერძო კომპანიების ფილიალებიც, რომლებიც შემოგთავაზებენ თავიანთ მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ პენსიონერები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, პენსიას ადგილზე მიიღებენ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თქვენს სოფელს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი. სამწუხაროდ, ბევრი ინფრასტრუქტურული ხარვეზი არსებობდა იმისთვის, რომ თქვენ სრულად გქონოდათ შესაძლებლობა, გესარგებლათ ამ ტურისტული პოტენციალით. იცით, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავასრულეთ წყლის მომარაგების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენგანისთვის, მაგრამ ამავე დროს სხვა ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, განსაკუთრებით საავტომობილო გზა და გპირდებით, რომ ამასაც ძალიან მოკლე ვადებში გადავჭრით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, დავით გარეჯის კომპლექსი თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის მართლაც უნიკალური ძეგლია და ეს საშუალებას აძლევს სოფელ უდაბნოს, რომ ჰქონდეს უნიკალური ტურისტული პოტენციალი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, სოფელ უდაბნოს თითოეული მცხოვრები უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით დაინახავს, რომ აღნიშნულ სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ცენტრების მშენებლობა კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს მთელ საქართველოს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეტი სიახლე და თანამედროვეობა შევიდეს სოფლად, ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობები გახდეს სულ უფრო კომფორტული და მივაღწიოთ წინსვლას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა