საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.

შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს უსასყიდლო დახმარებას 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც მიემართება საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის საინსპექციო სისტემების შესაძენად.

უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი ტექნიკის მიმღები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იქნება.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, შეამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით, დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

აღნიშნული უსასყიდლო დახმარებებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის (ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა სენაკსა და თელავში). ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით. ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის განხორციელება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა