ანა დოლიძე - თეა წულუკიანს უნდა, სასამართლოში არსებული პრობლემები ლევან მურუსიძესთან ყავის სმით მოაგვაროს, რაც არ გამოვა

თეა წულუკიანს უნდა, სასამართლოში არსებული პრობლემები ლევან მურუსიძესთან ყავის სმით მოაგვაროს, რაც არ გამოვა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ანა დოლიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა გააგრძელოს შეხვედრები სამუშაო ჯგუფში, რათა უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კრიტერიუმები გაიწეროს. ანა დოლიძის განმარტებით, ამ საკითხის შებრუნება მხოლოდ იუსტიციის საბჭოში აღარ გამოვა და ის უკვე საერთო მსჯელობის საგანია, რაც შესაძლოა, წულუკიანს არ აწყობდეს.

„ჯინი უკვე ამოსულია ბოთლიდან ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი უკვე აღარ არის ერთი პატარა ჯგუფის კუთვნილება, როგორც იყო მანამდე. ის არის საერთო, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. ეს შესაძლოა, ძალიან არ გაუხარდეს თეა წულუკიანს იმიტომ, რომ ის სრულიად იზიარებს პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, რომელიც დღემდე არის შექმნილი. სწორედ, იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწერილი კანონებით მოახდინა ძალაუფლების კონცენტრაცია იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების ჯგუფმა ანუ. თეა წულუკიანს ძალიან არ უნდა, რომ ახლა ეს საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი იყოს იმიტომ, რომ მას ერთ-ერთი მთავარი წვლილი აქვს იმაში, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს - ზურაბ ადეიშვილის ეს ნარჩენები რომ არიან გამაგრებულები სასამართლო სისტემაში. ამ საკითხის შებრუნება ახლა, ბოჭორმის 12 ნომერში აღარ გამოვა. ეს ჯინი უკვე გამოსულია და ყველა, ექიმით დაწყებული და მასწავლებლით დამთავრებული ლაპარაკობს ლევან მურუსიძეზე და მიხეილ ჩინჩალაძეზე ანუ ახლა, მარტო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯებით და არა კაბინეტში ყავის სმით მოხდება ამ თემების გადაწყვეტა“, - განცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შეკრებას, რომელმაც უვადოდ დასანიშნი მოსამართლეებისთვის შესაბამისი კრიტერიუმები და პროცედურები უნდა შეიმუშავოს, ანა დოლიძის თქმით, შესაძლოა, თეა წულუკიანს ამ ჯგუფის შეკრება „ძალიან უნდოდეს, თუმცა ეს ლევან მურუსიძესთან ყავის სმით არ გამოვა“.

„ალბათ, ძალიან უნდა, რომ შეიკრიბოს. გია ვოლსკიც საუბრობდა, რომ გვინდა კრიტერიუმები გაიწეროსო. ჩვენ და მთელმა ოპოზიციამ ვთქვით, რომ დავბრუნდებით, თუ იქნება რაღაც პროცედურა, თუმცა ის არა, რომ შევიკრიბოთ სასტუმროებში და ყავა დავლიოთ ლევან მურუსიძესთან და მერე ირაკლი კობახიძემ მაინც თავის კანონები დაწეროს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა