ეკა ბესელია - გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება, ახლა არის ეტაპი, როდესაც ჭკუის დარიგება არავის სჭირდება

გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომლის თქმითაც, სცოდავენ უმრავლესობის ერთი თუ მეორე მხრიდან, როდესაც კონკრეტული პერსონების დაპირისპირება მიმდინარეობს ღია ეთერში.

ეკა ბესელიამ თანაგუნდელებს მოუწოდა, არ ესაუბრონ ერთმანეთს მსაჯულის როლიდან.

"გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება. მოდით, ამ როლიდან ნუ ველაპარაკებით ერთმანეთს. ახლა არის ის ეტაპი, როდესაც ჭკუის დარიგება არავის სჭირდება. საჭიროა, ყველამ აჩვენოს, ვინ რა პოზიციაზე დგას და ვინ რომელ პრინციპულ საკითხს იზიარებს და რატომ. ამიტომ უმჯობესია, არგუმენტების ჭიდილი იყოს და არა იმის დემონსტრირება, ვინ ვისზე უკეთესია,"- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია, რადგან შეუძლებელია, რომ მათ, ვინც მუდამ მართლმსაჯულების რეფორმისთვის იბრძოდა, იმ ადამიანების მსგავსი პოზიცია ჰქონდეს, ვინც წლების მანძილზე საპირისპირო მხარეს იყო.

"აბსოლუტურად ნორმალური და ჯანმრთელი პროცესია, როდესაც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მინიმუმ ორ განსხვავებულ მოსაზრებას ვხედავთ. შეიძლება იყოს ორზე მეტიც. ყველა ერთ მოსაზრებაზე რომ ვიყოთ წარმოუდგენელია, იმდენად განსხვავებულია ჩვენი შემადგენლობაც. შეუძლებელია, რომ იმ ადამიანების პოზიციები, ვინც მუდმივად იბრძოდა ქვეყანაში მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებებისთვის "ქართულ ოცნებამდეც" და მისი ხელისუფლების დროსაც, ემთხვეოდეს იმათ პოზიციებს, ვინც წლების განმავლობაში საპირისპირო მხარეს იყო ან ადამიანის უფლებებზე წარმოდგენა არ აქვს და უბრალოდ ახლა ამ თემაზე საუბარი მომგებიანია. ეს ვერ იქნება ერთიანი, ამიტომ ეს ჯანსაღი პროცესია. მგონია, რომ განსხვავებული მოსაზრებების ჭიდილი განვითარების წინაპირობაა და ამას ყველა უნდა უყურებდეს, როგორც კარგ პროცესს და არა როგორც სახიფათოს,"- განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა