ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირიდან პატიმრობაში მყოფ ორ პირს, ნუგზარ ჯანჯღავასა და ნინო გოგილაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გირაოთი შეეცვალა.

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 70 000-ლარიანი გირაოს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულ ნინო გოგილაშვილს კი, 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

რაც შეეხება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს, რომელსაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, მისი ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი მხრიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს.

„დღეს წარვადგინეთ სამინისტროდან გამოთხოვნილი მტკიცებულებები, რითიც მთლიანად გამოირიცხება გია თვალავაძის მხრიდან რამე სახის დანაშაულის ჩადენა. ეს ინფორმაცია ფაქტობრივად გამორიცხავს ბრალდების დადგენილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს. ეს ინფორმაცია შეეხება გია თვალავაძის, როგორც სააგენტოს დირექტორის უფლებამოვალეობებს. მას ისეთი ქმედების განხორციელებას ედავებიან, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ეს მტკიცებულება საქმეს დაურთო. სასამართლომ ასევე, მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა“, - აცხადებს კაკაბაძე.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სულ 21 პირი დააკვეს, ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის, გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ. ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო