ფინანსთა მინისტრი - სახელმწიფო ვალის ლარიზაცია მნიშვნელოვანია

სახელმწიფო ვალის ლარიზაცია მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ინვესტორებისთვის ბონდები ლარში გამოუშვან.

„შევიმუშავეთ 2019-2021 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია, მაქსიმალურად ოპტიმალურად ვმართოთ მთავრობის ვალი. რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური კომპოზიცია იყოს ვალის, რაღაც შემთხვევებში ჩავთვალოთ, რომ ლარიზაცია გავაკეთოთ ამ ვალის, გადმოვიყვანოთ ლარში. ასევე, სამომავლოდ, დონორებთან მოლაპარაკების დროს რა სტრატეგია გვქონდეს და მთელი რიგი პარამეტრებია, რომელიც ნაზავს შექმნის ჩვენი ვალის პორტფელის. მეორე დანიშნულება არის ის, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი განვავითაროთ ფასიანი ქაღალდების. როგორც იცით, მთავრობის ფასიანი ქაღალდები განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ამ ბაზრის განვითარებაზე და საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა ზოგადად, კაპიტალის ბაზარი განვითარდეს, მათ შორის, კერძო ფასიანი ქაღალდი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია შიდა ვალის აღება უფრო პრიორიტეტული გახდეს, რადგან სახელმწიფო ვალის უდიდესი ნაწილი უცხოულ ვალუტაშია, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ვალის ლარიზაცია პირობითად არის მნიშვნელოვანი.

„სავალუტო რისკებს ასე უყურებენ - 60 პროცენტზე მეტი თუ არის პორტფელში უცხოურ ვალუტაში, საკმაოდ რისკიანად იყურებიან. ეს ნაწილიც გვინდა ნაბიჯ-ნაბიჯ შევამციროთ, თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის შიდა ვალია უკეთესი. ჩვენ ბაზარზე არ უნდა შევიდეთ და ამ მხრივ კერძო სექტორზე ნეგატიური გავლენა არ უნდა მოვახდინოთ. თუმცა, მე მგონია, რომ ასეთი ეფექტისგან კაი ხანია შორს ვართ, მაგრამ ლარიზაციისკენ და ადგილობრივ ბაზარზე სესხის აღებისკენ უფრო გაბედული ნაბიჯებით წავალთ. თუმცა, რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი ადგილობრივ დონეზე უნდა ავიღოთ, ეს ასე არ იქნება. როცა ვამბობ ნაზავი უნდა იყოს, დავთვლით და ვიტყვით ამ ეტაპზე ასე სჯობს. ლარში გვინდა ბონდები გამოვუშვათ უცხოელი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა