ეკონომიკის მინისტრი - უმნიშვნელოვანესია საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი

საქართველო მრავალი წლის საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყანაა. იმისთვის, რომ დღეს საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი, საზღვაო ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა ინოვაციური ხედვების დანერგვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„საზღვაო სანაოსნო კომპანიის შექმნა სხვა ნებისმიერი კომერციული ერთეულის დაფუძნების მსგავსად ბაზრის კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას და რისკ-ფაქტორების გამოვლენას გულისხმობს, რაც შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებასთან ასოცირდება. აქ მოიაზრება როგორც გადაზიდვათა საზღვაო ბაზრის (ბიზნესის კონკრეტული სექტორის სპეციფიკა), ისე თავად სანაოსნო კომპანიის დროის აღებულ მონაკვეთში შექმნის საჭიროება“ - აღნიშნა მინისტრმა

როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, ამ მიზნით უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც ფლოტის შექმნის გარდა, მისი შემდგომი განახლება-გაფართოებაც მოიაზრება.

„სტრატეგია დაეფუძნება ერთი მხრივ მარტივ, უკვე აპრობირებულ მეთოდიკას, მაგრამ ამავდროულად, ის გაითვალისწინებს ექსკლუზიურად ნოვატორულ, მხოლოდ ჩვენი რეგიონის ლოგისტიკურ უპირატესობებზე აქცენტირებულ მიდგომებს. აქ სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და მისი გავლით ტვირთნაკადების მოზიდვაც განაპირობებს. ამ ეტაპისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფლოტის შემუშავების კონცეფცია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე შეფასებით, საზღვაო ფლოტის შექმნისთანავე საქართველო გახდება საერთაშორისო საზღვაო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გაამყარებს საქართველოს, როგორც საზღვაო ჰაბის ჩამოყალიბების ინიციატივას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას.

„საზღვაო ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელ და მარტივ მეთოდს საბანკო ფინანსირება წარმოადგენს“, - განაცხადა ქობულიამ.

„საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე ცალკეული მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას. ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საზღვაო ფინანსები დაინტერესებულ პირებს, ანუ პოტენციურ გემთმფლობელებს საშუალებას აძლევს აიღონ სესხი გემების შესაძენად. ეს სექტორი საქართველოს ბაზრისთვის კიდევ ერთ ახალ სფეროს - საზღვაო დაზღვევის განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც ჩვენი ბაზრისთვის ასევე აუთვისებელ სეგმენტს წარმოადგენს. საზღვაო დაზღვევა გულისხმობს გემისა თუ სხვა მცურავი საშუალების დაზღვევას სხვადასხვა საფრთხეებისგან და მოიაზრება, როგორც საზღვაო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი“ - აღნიშნა მინისტრმა

ქობულიას თქმით, საზღვაო ფინანსებისა და საზღვაო დაზღვევის სფეროს ხელშეწყობა პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს საქართველოს დროშის განვითარებაზე, ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო დონეზე, ხელს შეუწყობს ქართულ ბაზარზე საერთაშორისო დონის კომპანიების დაფუძნებას, რაც გააძლიერებს ზოგადად ინდუსტრიას და გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც.

„საქართველოს ნავსადგურებში გადამზიდავებსა და ტვირთმფლობელებს უნდა შევთავაზოთ მოქნილი, ეფექტური მომსახურების სისტემა „ერთი ფანჯრის პრინციპი“-- განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანას აქვს რეალური შანსი მიიღოს და გადაამუშაოს დამატებითი ტვირთების ნაკადები, რისთვისაც აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებული სერვისების განვითარება, როგორც საწარმოო, ისე საპორტო სექტორის მიმართულებით.

„საქართველოს, გარდა განვითარებული ინფრასტრუქტურისა, გადამზიდავებსა და ტვირთმფლობელებს შეუძლია შესთავაზოს მოქნილი, ეფექტური მომსახურების სისტემა „ერთი ფანჯრის პრინციპი“ საქართველოს ნავსადგურებში. სერვისების (როგორც კერძო, ისე საჯარო) დიჯიტალიზაცია შესაძლებლობას მოგვცემს ტვირთების დამუშავება განხორციელდეს დროის შემცირებულ მონაკვეთში“ - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განმარტებით, „ერთი ფანჯრის პრინციპი“ გულისხმობს ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას, ქართული საპორტო მომსახურებების დიჯიტალიზაციას და სახელმწიფო და კერძო მომსახურებების ერთ ციფრულ სივრცეში გაერთიანებას.

„გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნესპროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას, უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. პროექტი იძლევა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

აღანიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს