ქართული პრესის მიმოხილვა 14.02.2019

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში პანიკაა - კარანტინი სკოლებში და შემოწმება ენგურზე

რა წერია დეკანოზის სკანდალურ წერილში ციხიდან - “იმედია, მამა გიორგი ამ წერილს გაასაჯაროებს”

“დანიშნული მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მძიმე რეაქციას გამოიწვევს” - ხმალაძე

* * *

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში პანიკაა - კარანტინი სკოლებში და შემოწმება ენგურზე

“ოპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები იზრდება და მიუხედავად დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებებისა, რომ მოსახლეობის დაცვა “მეზობელ საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვით” შეძლეს, ცხინვალის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სწავლება 20 თებერვლამდე შეწყვეტილია ბავშვების 77%-ში ვირუსის გავრცელების გამო, ხოლო სოხუმში ერთი მოზარდი გარდაიცვალა, რასაც არ ახმაურებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაქარაძე აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით სოხუმში ერთი მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს მიაწოდეს. ”არაოფიციალური ინფორმაცია მაქვს, რომ აფხაზეთში H1N1 ვირუსით რამდენიმე ათეული ადამიანია დაავადებული და მათ შორის დღეს ერთი მოზარდი გარდაიცვალა სოხუმში. გარდაცვლილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა H1N1”, - ამბობს ბაქარაძე, თუმცა მისივე თქმით, სოხუმში ე.წ. ოფიციალური წყარო გრიპის ვირუსით ბავშვის გარდაცვალებას არ ადასტურებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში პანიკაა - კარანტინი სკოლებში და შემოწმება ენგურზე.

“ბაქარაძეს თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ჩაკეტილი მიმოსვლა 5 თებერვალს აღადგინა და ენგურის ხიდი გახსნა, თუმცა ხიდზე დგას სასწრაფოს მანქანა, სადაც ზუგდიდიდან ოკუპირებულ მხარეს შესული ყველა ადამიანი მოწმდება - “აფხაზეთში კარანტინი 10 იანვარს გამოცხადდა და ჩაიკეტა ადმინისტრაციული საზღვარი. ენგურის ხიდი 5 თებერვალს გაიხსნა, თუმცა ხიდზე დააყენეს მანქანა, მოძრავი ფლუოროგრაფი, სადაც გალის ექიმები მუშაობენ და ყველამ, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს და შედის ოკუპირებულ აფხაზეთში, აუცილებლად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. უტარდებათ ფლუოროგრაფიული კვლევა, ფილტვებს უსმენს ექიმი და თუ დარწმუნდება, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ და დაავადების შეტანის საშიშროება არ არის, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ აფხაზეთში შესვლის უფლება. ეს გრძელდება დღესაც”, - განმარტავს ბაქარაძე. მისი თქმით, აფხაზეთში გრიპის თემა ძალიან აქტუალურია და ადგილობრივი მედიის მთავარი თემაა. დე ფაქტო ხელმძღვანელები კი მუდმივად აცხადებენ, როგორ გადაარჩინეს მოსახლეობა ვირუსისგან იმით, რომ “მეზობელ ქვეყანასთან - საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მუდმივად საუბარია, რამდენად საშიში ვირუსია და როგორ მძვინვარებს ის საქართველოში, მათ კი მოსახლეობა ამ ვირუსისგან გადაარჩინეს. ახლა, როცა დადასტურდა ვირუსის ცირკულირება, ისევ შემოიღებენ თუ არა კარანტინს, არ ვიცი, ყველაფერი მოსალოდნელია. მით უფრო, რომ ახლა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ წითელას ვირუსი მძვინვარებს საქართველოში. ისინი ყველანაირ მიზეზს ჩაეჭიდებიან, რომ გალის მოსახლეობას მიმოსვლა შეუზღუდონ”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ქეთევან ბაქარაძე.

“აფხაზური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1-ლი იანვრიდან 13 თებერვლამდე “რესპუბლიკაში” ე.წ. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა გამოვლინდა. აფხაზეთის მთავარი სანიტარიული ექიმი ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ “გრიპით დაავადებულები ბავშვები და მოზარდები არიან, თუმცა უფრო ბავშვები სჭარბობენ”. მისივე თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები იზრდება და მოსახლეობას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. “ჩვენი მოსახლეობა სანიტარიული თვალსაზრისით განათლებული რომ ყოფილიყო, ვაქცინაცია რომ დროულად ჩაეტარებინათ, ეს დაავადება საერთოდ არ იქნებოდა”, - განაცხადა სკორიკმა. აფხაზეთისაგან განსხვავებით, დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა 11 იანვრიდან დღემდე ისევ ჩაკეტილი აქვს ცხინვალის რეჟიმს. გარდა ამისა, ე.წ. ხელისუფლებამ ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში კარანტინი გამოაცხადა და 20 თებერვლამდე სწავლება ყველგან შეწყდა “ღორის გრიპის” ვირუსის გავრცელების გამო”, - განაგრძობს გამოცემა.

“ცხინვალის მთავარი სანიტარიული ექიმი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით 14 წლამდე ბავშვების 77%-ია დაავადებული, სკოლებში მოსწავლეების 20% ვირუსის გამო არ დადიოდა და ამიტომაც გადაწყდა კარანტინის გამოცხადება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. “მოზარდებში არის პნევმონიის შემთხვევები და ექიმებს უმეტესად გართულებისას მიმართავენ, ამიტომ მკურნალობა გართულებულია”, - აცხადებს კოჩიევა. მან მიმართა მშობლებს, რომ დაავადებული ბავშვები სკოლაში არ გაუშვან, ასევე, მიმართა პედაგოგებსაც, რომ ვისაც ვირუსი აქვს, სამსახურში არ გამოცხადდნენ, რათა სხვებს არ გადადონ ვირუსი. ის აცხადებს, რომ ბევრად რთულადაა სიტუაცია მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში, “მეზობელ საქართველოში” და ცხინვალში გართულება თავიდან აიცილეს იმის გამო, რომ საქართველოსთან “საზღვარი ჩაკეტეს”, - დასძენს გამოცემა.

“სიტუაცია არ გამწვავდა იმის გამო, რომ საზღვარი (საქართველოსთან) დაიხურა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან აქტიურად სტუმრობს ჩრდილოეთ ოსეთს და ინფექცია, შესაძლოა, ვლადიკავკაზიდან შემოვიდეს”, - თვლის კოჩიევა. მისი თქმით, ზოგადად, “რესპუბლიკაში” სიტუაცია საშინელი და კრიტიკული არ არის. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამხრეთ ოსეთში გრიპის ვირუსის შემთხვევები სერიოზული შეშფოთების საგანი არ არის. იანვარში შემთხვევების რაოდენობა კი გაიზარდა, თუმცა ეს პროგნოზირებული იყო. ამასთან, ვრცელდება საავადმყოფოში ბოლო სამი დღის მიმართვის მონაცემები და ნათქვამია, რომ ორშაბათს საბავშო პოლიკლინიკას მიმართა 75-მა ბავშვმა, სამშაბათს-ერთით ნაკლებმა, ოთხშაბათს კი - 45-მა ბავშვმა”, - წერს სტატიის ავტორი.

რა წერია დეკანოზის სკანდალურ წერილში ციხიდან - “იმედია, მამა გიორგი ამ წერილს გაასაჯაროებს”

“დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურმა წერილმა მატროსოვის ციხიდან შესაძლოა, საპატრიარქოში ფრონტის ახალი ხაზი გახსნას. წერილის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია. დეკანოზის მძიმე შინაარსის წერილში, სავარაუდოდ, საპატრიარქოში ფინანსური დარღვევების გარდა, სასულიერო პირების ზნეობრივ მდგომარეობას და მათ პირად ცხოვრებაზეა საუბარი. ადრესატებს შორის არიან მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პირადად ეს წერილი, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი. როგორც ჩანს წერილის შინაარსი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მეუფეებსაც კი დეკანოზის მისამართით კრიტიკული დამოკიდებულება გაუჩნდათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა წერია დეკანოზის სკანდალურ წერილში ციხიდან - “იმედია, მამა გიორგი ამ წერილს გაასაჯაროებს”.

“დეკანოზ მამალაძის ადვოოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ წერილის შინაარსი საკმაოდ მძიმეა, რომელმაც შესაძლოა საპატრიაქროს რეპუტაცია საქართველოს მოსახლეობის თვალში სრულიად შეარყიოს. მასში საუბარი სასულიერო პირების კერძო ბიზნესებზე და ზნეობრივ მდგომარეობაზეა, რომლის გასაჯაროებამაც შესაძლოა უმძიმეს ფაქტებამდეც მიგვიყვანოს. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს წერილი იყოს მიზეზი, რის გამოც მისი არც შეწყალება მოხდა და უწმინდესმაც მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. წერილის ერთ-ერთმა ადრესატმა მეუფე პეტრემ ეს ინფორმაცია “კვირის აქცენტებში” გაახმაურა და განაცხადა, რომ “დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ პატრიარქის გარდატეხა გამოიწვია მისმა მუქარით სავსე წერილმა, რომელშიც ის ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ამხელდა”, - აღნიშნა მან. მან გადაცემაში გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძისგან მიიღო წერილი და რომელიც ძალიან ჰგავდა “საეკლესიო ბედუკაძეობას”. მეუფე პეტრეს განცხადებით, სწორედ ამ წერილის შემდეგ პატრიარქმა, ფაქტობრივად, ზურგი აქცია მამა გიორგი მამალაძეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იყო პრეცედენტი, როდესაც მამაომ ასეთი მუქარის შემცველი წერილი გამოგზავნა საპყრობილედან, რომელიც მომივიდა მე და სამ მღვდელმთავარს. მე დავუკავშირდი ერთ-ერთს და ვუთხარი, რომ მამაო რომ ასეთ წერილს წერს, მუქარანარევს და დავარქვი, რომ ეს არის “საეკლესიო ბედუკაძეობა”. მიმაჩნია, რომ კაცი გატყდა ფსიქოლოგიურად იმიტომ, რომ უკვე მუდმივი პატიმრობა იყო მამაოს მიმართ მოთხოვნილი იმ პერიოდში. სასულიერო პირებს არ უშვებდნენ და იყო სრულ იზოლაციაში და იქნებ, შეხვიდეთ, ან ვიღაც მივუჩინოთ ამ ადამიანს, რომ დავეხმაროთ, ვანუგეშოთ, რომ სულიერად ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა-მეთქი და ამას მოჰყვა რამდენიმე დღეში მორიგი ბოროტება, როდესაც საპატრიაქროს იურისტი გამოვიდა და ცილი დამწამა - პატრიარქის მოკვდინებაში მადანაშაულებდა”, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ის აცხადებს, რომ ამ წერილში ავტორი ფინანსურის გარდა, საუბრობდა არაჯანსაღ, მახინჯ მდგომარეობაზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ ამ წერილში დეკანოზი, სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ამხელს და რომ მან წერილი იმ მეუფეებს მისწერა, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობოდა და რომლებიც, სავარაუდოდ, ამ სიბინძურეში გახვეულები არ არიან. რამიშვილი აცხადებს, რომ მან წერილის შინაარსის შესახებ კონკრეტულად არაფერი იცის, თუმცა ზოგადად იცის, რომ მისმა შინაარსმა შესაძლოა ეკლესიის რეპუტაცია სამუდამოდ დაანგრიოს. ამიტომაც ის მეუფე პეტრეს ეთანხმება, რომ ეს ეკლესიის შიდა სამზარეულოა, რომლის განხილვაც სინოდის წევრებს შორის უნდა მოხდეს. “ვიცი, რომ წერილის შინაარსი საკმაოდ მძიმეა, რომელიც კონკრეტულ ფაქტებზეა დაყრდნობილი და დეკანოზი არაფერს მტკიცებულების გარეშე არ წერს. მისი შინაარსი კონკრეტულად დეტალებში, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რადგანაც ეს არის ეკლესიის შიდა სამზარეულო, სადაც საკმაოდ მძიმე ფაქტებზეა საუბარი. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსურ დარღვევებს, არამედ კონკრეტული სასულიერო პირების ზნეობრივ მდგომარეობას”, - ამბობს რამიშვილი, რომლის აზრით, წერილის გასაჯაროება “ეკლესიისთვის დამანგრეველი ეფექტის იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“ნამდვილად ვეთანხმები მეუფე პეტრეს მოსაზრებას, რომ ეს სინოდის წევრებს შორის უნდა გაირჩეს და ეს არ არის საკითხი, რომელიც საზოგადოების ყურამდე უნდა მივიდეს. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ დეკანოზს მისმა უწმინდესობამ ზურგი ამ წერილის შინაარსის გამო შეაქცია და მასზე გარკვეულწილად გამწყრალიც არის. საპატრიარქოს დეკანოზის გარეთ გამოსვლის ძალიან ეშინია და ამიტომაც მისცეს პრეზიდენტ მარგველაშვილს დირექტივები, რომ მისი შეწყალება არ მომხდარიყო. ჩვენ სალომე ზურაბიშვილსაც მივმართავთ მისი შეწყალებით და ამ შანსსაც გამოვიყენებთ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საპატრიაქროს ყოფილი თანამშრომლი ლაშა ჟვანიაა, ამიტომაც მგონია რომ დიდი არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუმცა, ჩვენ ჩვენსას მაინც ვეცდებით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ რამიშვილი.

“დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ წერილში სავარაუდოდ, საუბარი პატრიაქრის ოჯახის წევრებზეც არის. კონკრეტულად კი მის დაზე დედაო თამარზე. დედაოს ხატების და სანთლების საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს და მისი გავლენები საპატრიარქოზე საკმაოდ ძლიერია. მამალაძე ამბობს, რომ როდესაც მისი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, პატრიარქი განაწყენდა, რომ მისმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩემი ძმა საპატარიარქოს პირადი ტყვეა. მათ მისი გარეთ გამოსვლის ეშინიათ. არ უნდათ, რომ ციხე დატოვოს, რადგანაც მან ეკლესიაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე ბევრი რამ იცის. წერილში, როგორც ვიცი, პატრიაქრის დაზეც არის საუბარი, რომელიც ხატების, სანთლების და საეკლესიო ნივთების ბიზნესით არის დაკავებული. ასევე, წერილში აღწერს ძალიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირიების მძიმე ზნეობრივ მდგომარეობას. მისი ციხიდან გამოსვლა კი არა, ზიარებაც არ უნდათ, რადგანაც მან ზიარებამდე აღსარება უნდა ჩააბაროს. ამ დროს კი მან ყველაფერი სიმართლე უნდა თქვას, რაც ძალიან ბევრ სასულიერო პირს არ სურს. არ არის გამორიცხული, რომ დეკანოზს პატრიარქმა ზურგი სწორედა ამის გამო აქცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას თორნიკე მამალაძე.

“დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილის შინაარსის შესახებ კომენტარს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე აკეთებს. მისი თქმით, წერილში კონკრეტული არაფერი წერია და სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ მისი შინაარსი ეკლესიის რეპუტაციას შელახავს. მისი აზრით, ეს არის მორიგი ლაფის შესხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება. “იმედს ვიტოვებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე ამ წერილს გაასაჯაროებს. როგორც ვიცი, მასში კონკრეტული არაფერი წერია. ეს არის მორიგი ბუნდოვანი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საპატრიაქროს გარშემო არსებული მდგომარეობა უფრო გაამძაფროს. ეს არის დეკანოზის მხრიდან შანტაჟი. ის წერილში ითხოვს, რომ თუ რაღაც კონკრეტულს არ შემისრულებთ, მაშინ მე გამოვაქვეყნებ ისეთ რამეს, რომელიც თქვენ ზარალს მოგაყენებთ. რაც შეეხება უწმინდესის დას, აქ მასზე საუბრი საერთოდ არაა”, - აცხადებს ჯაღმაიძე, რადგან მისი აზრით, “რაც შეეხება სანთლის წარმოებას და გაყიდვას, მერე რა? ამაში განსაკუთრებული არაფერია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“დანიშნული მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მძიმე რეაქციას გამოიწვევს” - ხმალაძე

“წინააღმდეგი ვიყავი და დღესაც არ მომწონს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხი. ჩვენს ვითარებაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის დიდი რისკის შემცველი. თუ მოხდა ამ საკითხის გადავადება, კარგი იქნება, მაგრამ მხოლოდ ამის გაკეთებას შედეგი არ მოჰყვება. თუ იქნება ცუდი იუსტიციის საბჭო, ის უვადოდ ვერ დამინიშნავს ცუდ მოსამართლეს, მაგრამ ვადით დამინიშნავს ცუდ მოსამართლეს. ამთი კი არაფერი იცვლება”, - ასე ეხმიანება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების ინიციატივას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ეკა ბესალიას ახალ ინიციატივას, რომელითაც დეპუტატი აპირებს მიმართოს პარლამენტს უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან მიმართებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “დანიშნული მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მძიმე რეაქციას გამოიწვევს” - ხმალაძე.

“ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ ეკა ბესალიას ამ ახალ ინიციატივას არ იცნობს, თუმცა, არ იცის რა მოტივით შეიძლება გადაიხედოს იმ მოსამართლეთა საკითხი, რომლებიც უკვე უვადოდ არიან დანიშნული. “არსებობს ასეთი პრინციპი და ამიტომაც არის სასამართლო ინსტანციური, რომ მოსამართლეთა გადაწყვეტილება მოწმდება ისევ სასამართლო სისტემაში. მოსამართლეს შეიძლება პასუხსმგებლობა დაეკისროს, თუ მან წინასწარ განზრახვით დაარღვია კანონი - მაშინ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ არ ვიცი, რა მოტივით უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება უკვე დანიშნულ მოსამართლეებს”, - განაცხადა გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ. რომელიც მიიჩნევს, რომ “ეს მძიმე რეაქციას გამოიწვევს, მათ შორის, საერთაშორისო წრეებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა