მამა გიორგი ფირცხელანის განცხადებით, ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობისას, საპატრიარქო მედიაციის როლის შესრულებას ითხოვს

ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობისას, საპატრიარქო მედიაციის როლის შესრულებას ითხოვს, - ამის შესახებ ოჯახური ძალადობის რეგულაციებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, გიორგი ფირცხელანმა განაცხადა.

ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაში ასევე თეოლოგი ალექსანდრე გვაზავა და ფონდის „სავსე გულით“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭილაშვილი მონაწილეობდნენ.

მამა გიორგის თქმით, სამართალდამცველების ხისტი დამოკიდებულების გამო, არაერთი შემთხვევაა, როდესაც არ ხდება ოჯახში არსებული კონფლიქტისა და ძალადობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. შედეგად, არაერთი ოჯახის შემთხვევაში, კონფლიქტური სიტუაციის დროს დაკავებული მამაკაცი რამდენიმე წლით ციხეშიც აღმოჩენილა; მეუღლეები მცირეწლოვანი შვილებით კი უფრო მძიმე მდგომარეობაში.

მამა გიორგის განცხადებით, მასაც აქვს მრევლში რამდენიმე ასეთი შემთხვევა.

სასულიერო პირმა ოჯახში კონფლიქტის შედეგად დაკავებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

მამა გიორგის თქმით, საჭიროა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ოჯახში კონფლიქტი და ძალადობა, აღმოიფხვრას ამ მხრივ არსებული ხარვეზები და გარკვეული სამუშაო ჩატარდეს სამართალდამცველებისთვისაც.

„ბრალდებისა და დამნაშავეების ძებნის გარეშე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ მიზეზი, თუ რატომ მოხდა ასეთი გაუგებრობები. რატომ აღიქვა ერთმა მხარემ კონფლიქტი ძალადობად, ან მეორე მხარე რატომ მოიქცა ასე და შესაბამისად, ეს უნდა გამოსწორდეს. ამაზე იმსჯელებს პარლამენტი და ჩვენ აქტიური მუშაობა გვაქვს პარლამენტთან“, – განაცხადა მამა გიორგიმ.

მისივე თქმით, ეკლესიის უკან დგას მრევლი, რომელთა პრობლემები ეკლესიისთვის არასდროს არ იქნება სულერთი და მთავრობა აუცილებლად გაუწევს ანგარიშს ამ ადამიანებს.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ფონდის „სავსე გულით“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმა განაცხადა, რომ მათ აქვთ პატიმარ ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, მიმართა იმ პირებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან ან კონფლიქტი აქვთ, მიმართონ მათ დახმარებისთვის ცხელ ხაზზე: 555 90 60 27.

ჭილაშვილის განცხადებით, ისინი მიიღებენ ფსიქოლოგიურ და სოციალური მუშაკის დახმარებას. ასევე, აღნიშნულის შედეგად ორგანიზაციას ექნება ინფორმაცია, თუ რამდენი ასეთი ოჯახი არსებობს. ჭილაშვილის თქმით, ჯერჯერობით ასეთი სტატისტიკა მათ არ აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა