ოთარ ანგურიძე -  ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გიორგი ქობულიას საკმაოდ პოზიტიური ხედვა აქვს

იმის თქმა, რომ მთავრობა აპირებს 50 ათასი ადამიანის გადამზადებას ნიშნავს, რომ არის გარკვეული სახის პრობლემები, ეს არის პრობლემაზე რეაგირება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ანგურიძემ აღნიშნა, კონკრეტული მიმართულებით ეკონომიკის მინისტრს საინტერესო ხედვები აქვს.

„ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა მინისტრმა თავის გუშინდელ გამოსვლაში და ვფიქრობ, საკმაოდ პოზიტიური ხედვა აქვს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი რამდენიმე მიმართულებას, მაგალითად, საკრედიტო საგარანტიო ფონდს, რომელიც იქნება გარანტორი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ნაწილში. მოგეხსენებათ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა საკმაოდ პრობლემურია საქართველოში და პრაქტიკულად, ბიზნესებს, რომლებსაც მცირე კაპიტალი აქვთ და არ აქვთ საშუალება მოახდინონ სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებაში უზრუნველყოფა, ეს საგარანტიო ფონდი დაეხმარება ამ ბიზნესებს. ასევე მინისტრმა გააჟღერა მნიშვნელოვანი ინიციატივა ლოჯისტიკური მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ტვირთების მოძრაობას და ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების კუთხითაც არის მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე.

რაც შეეხება 50 ათასი ადამიანის გადამზადებას სხვადასხვა სექტორში, ანგურიძე ამბობს, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვანია.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე და ახალი ტექონოლოგიების დანერგვაზე, აქ მნიშვნელოვანია კადრების გადამზადებაც. ახალი ტექნოლოგიები ითხოვს ახლებურ პროგნოზს, რაც ჩვენს შემთხვევაში დეფიციტურია და არ გვყავს შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები. ამ მიმართულებით თუ მოხდება გადამზადება, ჩვენი შრომითი ბაზარი გაიზრდება და ინვესტორს ექნება საშუალება, ადგილობრივ დონეზე მოძებნოს კვალიფიციური კადრები. ახლა სიტუაცია გვაქვს იმდაგვარი, რომ ინვესტორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან უწევთ კადრების შემოყვანა ეს ეხება როგორ მეთევზეობას, ასევე გადამამუშავებელ მრეწველობებს. იმის თქმაც, რომ მთავრობა აპირებს 50 ათასი ადამიანის გადამზადებას, ნიშნავს, რომ არის გარკვეული სახის პრობლემები. ეს არის პრობლემაზე რეაგირება. ოპოზიციისგან ხშირად ჩვენ ვისმენთ უსაფუძვლო კრიტიკას. ძირითადად არის იმ კონტექსტის, რომელი კონტექსტიც მათ დაარღვიეს და შეცვალეს, დღეს კი ახალ ხელისუფლებას უწევს რეაგირება და გადაწყობა. მეორე მხრივ, ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, სჭირდებათ გარკვეული სახის დივიდენდები ხმაურისთვის და აზრების გამოსახატად. ამ კრიტიკას დასაბუთება აკლია“, - განაცხადა ანგურიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ის ისურვებდა მინისტრის გამოსვლაში მეტი აქცენტები ყოფილიყო გაკეთებული ალტერნატიული ენერგოწყაროების მოძიებასთან დაკავშირებით.

„მინისტრმა ახსენა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიული ენერგო წყაროების მიმართულებით, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგიები, რადგან პირველადი მონაცემების საფუძველზე გვაქვს ამის პოტენციალი. ამ მიმართულებით თუ მთავრობა გაააქტიურებს მუშაობას მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა ანგურიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო