ზაალ ლატარიას შვილი - მამაჩემი უდანაშაულოა, მას  „ფეიქ ექაუნთიდან“ გამოუგზავნეს ფარული კადრები

მამაჩემს კადრების შენახვა-გავრცელებას ედავებიან. ვიდეო მას სოციალურ ქსელში „ფეიქ ექაუნთიდან“ გაუგზავნეს, მან არ იცის, ეს კადრები ვინ გამოუგზავნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დაკავებული ზაალ ლატარიას შვილმა, ლანა ლატარიამ განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, მამამისს ფარული ვიდეოჩანაწერი არავისთვის გაუგზავნია და ის მიღებისთანავე წაშალა.

„მამაჩემი, რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს, ის სრულიად უდანაშაულოა. მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, თუ რატომ, არ ვიცი. ალბათ, მებრძოლი, პატრიოტი რომ არის, ამის გამო. მამაჩემი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. კადრები მას სოციალურ ქსელში „ფეიქ ექაუნთიდან“ გაუგზავნეს, მან არ იცის, ეს კადრები ვინ გამოუგზავნა. როცა სოციალურ ქსელში რაღაცას გიგზავნიან, სურვილი გიჩნდება, ნახო. მამაჩემმაც ნახა ეს ვიდეო, მაგრამ მაშინვე წაშალა, არავისთვის არ გაუგზავნია. ჩვენც და ადვოკატიც ფიქრობს, რომ უნდათ მამაჩემს შარი მოსდონ. მამაჩემის დაჭერა, მისი გაჩუმება უნდათ, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან“, - განაცხადა ლატარიამ.

მისივე განმარტებით, მამამისი ბათუმში მასთან ერთად ყოფნის დროს დააკავეს.

„ბათუმში დასასვენებლად ვიყავი ჩასული და მამაჩემი იქ დამხვდა. ქობულეთიდან მომყვებოდა მანქანა, ჩემით გავიდნენ მამაჩემის კვალზე. მამაჩემი მანქანაში ჩაისვეს, როცა ვკითხე, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, მითხრეს, რომ უბრალო დაკითხვა იყო, მეც გავჩუმდი. შემდეგ ბათუმიდან წაიყვანეს, გააქრეს, სად ჰყავდათ, არ ვიცი, არც ის ვიცი მასზე როგორ ზეწოლას ახდენდნენ. როცა დავურეკე, ტელეფონი გამორთული არ ჰქონდა, მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და აჟიოტაჟი არ ამეტეხა, ეს რა თქმა უნდა, ზეწოლის პირველი მცდელობა იყო. შემდეგ ის ზუგდიდში წაუყვანიათ, სახლი გაჩხრიკეს და თბილისში გადმოიყვანეს“, - აცხადებს ზაალ ლატარიას შვილი.

ზაალ ლატარიასთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს საღამოს წაუყენებენ. სასამართლო კი მის მიმართ აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული ზ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო