მამუკა კაციტაძე - „თიბისი ბანკი“ საჭიროებს უპირობო მხარდაჭერას - პოლიტიკოსების მხრიდან ახლა კეკლუცობის დრო არ არის

არ არის ახლა პოლიტიკოსების მხრიდან კეკლუცობის დრო. „თიბისი ბანკი“ საჭიროებს უპირობო მხარდაჭერას, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. კაციტაძის თქმით, ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური თემა და ხელისუფლება ცდილობს კერძო სექტორის დამონებას.

„თიბისი ბანკი“ ქვეყანაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია. უკონტროლო ფინანსური ინსტიტუტი ხელისუფლებისათვის და ბატონი ივანიშვილისთვის არის მიუღებელი. „თიბისი ბანკთან“ ასოცირებულია ასევე, ანაკლია და ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ასევე სერიოზულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. არა მგონია, აფხაზეთთან ახლოს ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა ჩვენს ჩრდილოელ ოკუპანტ მეზობელს აინტერესებდეს. არაფერ შუაში არ არის აქ სამართლებრივი და ფინანსური პროცესი. ეს არის პოლიტიკით გაჯერებული თემა. მე მივესალმები „თიბისი ბანკის“ მზადყოფნას, რომ თავისი სიმართლე დაიცვან. არ არის ახლა პოლიტიკოსების მხრიდან კეკლუცობის დრო, რომ: „იცით კი ვუჭერთ მხარს, მაგრამ თან არ ვუჭერთ“. დღეს „თიბისი ბანკი“ საჭიროებს უპირობო მხარდაჭერას. კერძო ინსტიტუტში ჩარეული ხელისუფლება - ამ კუთხით უნდა შევხედოთ პროცესს. მოსახლეობასაც უნდა აეხსნას, რომ არც ერთი ბანკი მოსახლეობას ოჯახში არ უვარდება; გინდა თუ არა კრედიტი უნდა მოგცეო. ამიტომ ყველაფერს თავისი წესი აქვს. ხელისუფლებას უნდა კერძო სექტორიც დაიმორჩილოს და დაიმონოს. სადამდე მიიყვანს ამ ქვეყანას ასეთი ქმედება, მემგონი ყველასათვის ნათელია,“ განაცხადა კაციტაძემ.

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

თავის მხრივ, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა