გიგი უგულავა - ივანიშვილს თუ ჩაფიქრებული აქვს მამუკა ხაზარაძე დაიჭიროს - დაიჭერს, თუ ჩაფიქრებული აქვს, "თიბისი ბანკი" „აახიოს" - „აახევს“

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში "თიბისი ბანკის" „ახევის“ ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, 11 წლის წინანდელ დარღვევას ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არავინ ედავება. უგულავას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა მამუკა ხაზარაძე რას იზამს, რადგან ივანიშვილს რაც აქვს მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული, მაინც განახორციელებს.

„მე მინდა მივულოცო "ქართულ ოცნებას", რომ მმართველობის 7 წლისთავზე ეს ანტირეკორდიც მოხსნეს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აქ 11 წლის წინანდელ დარღვევას ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არავინ ედავება, რომ არაფერი ვთქვათ ხანდაზმულობის ვადაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, მის გარშემო შავი ღრუბლები გროვდება და უკვე გასკდა კიდეც. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც წესით დამოუკიდებლად უნდა ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციას, პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად იქცნენ ამ ადამიანების წინააღმდეგ. იმისგან დამოუკიდებლად, ხაზარაძე შეეცდება ივანიშვილთან შეთანხმებას თუ არა, იმისგან დამოუკიდებლად შეეცდება ის ბრძოლას თუ არა, ივანიშვილს რაც აქვს ჩაფიქრებული ხაზარაძესთან მიმართებაში, იმას აუცილებლად გააკეთებს. ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ტალახში აგორაოს, აგორავებს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ დაიჭიროს- დაიჭერს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ანაკლია „აახიოს“- „აახევს“; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ "თიბისი ბანკი" „აახიოს“, „აახევს“. ანუ ხაზარაძის მოქმედებაზე არაა დამოკიდებული ივანიშვილი რას იზამს მის მიმართ. ხაზარაძეს ერთადერთი რაც შეუძლია, ეს არის საზოგადოების იმუნიტეტის მოპოვება, რასაც სჭირდება ხმის ამოღება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. საზოგადოება ღირსია იცოდეს, რას ედავება მას ივანიშვილი და როდის გაირბინა „შავმა კატამ,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს