მამუკა ბახტაძე - თავად ნატო-ს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს და დროა, ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით

ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური - ეს ჩემი ერის ცივილიზაციური და ღირებულებებით გაჯერებული არჩევანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასთან შეკრებილ სტუმრებს, რომელთა შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი რადმილა შეკერინსკა და საექსპერტო წრეების ცნობილი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა მათ საქართველოს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად რჩება.

„ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოება გადამწყვეტი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების შექმნის, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფაში. გვახარებს ის ფაქტი, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ მუშაობს და ხელშესახები შედეგები მოაქვს იმ ერებისთვის, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ და ამისთვის არანაირ რესურსს არ ზოგავენ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას მიულოცა ისტორიული მიღწევა, რომელიც ერთი კვირის წინ გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერით აღინიშნა და ასევე მიესალმა სხვა ერებისთვის გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის გაჩენას.

„ასპირანტი ქვეყნის - საქართველოსთვის წამახალისებელია დასავლეთ ბალკანეთის ასპირანტი ქვეყნების წარმატება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი მოახდენს ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის სტიმულირებასაც. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად რჩება. ეს არის ჩვენი არჩევანი და ის საერთო ფასეულობებს ეფუძნება, ისევე როგორც საზოგადოების ძალიან მაღალ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საკუთარ მომავალს ევროპის და ნატო-ს ფარგლებში ვხედავთ და ჩემი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო დავწინაურდეთ. ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დიდი გზა გავიარეთ. დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიაა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებითა და თავისუფალი მედიით. ჩვენი რეფორმები ფართოდ მიიჩნევა სამაგალითოდ და ჩვენი პარტნიორები მოიხსენიებენ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზე მყოფ სახელმწიფოს. ჩვენი თავდაცვის ძალები ნატოსთან თავსებადობის მაღალ ნიშნულზეა. ალიანსის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით ვაგრძელებთ თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას. ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის და სანდო პარტნიორის რანგში, საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი მიღწევები გარდაიქმნება ხელშესახებ ნაბიჯებად და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატო-ში გაწევრიანებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების შეფასებით, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო გაწევრიანებისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-სთან ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დიალოგზე და არაერთი მიმართულებით არსებულ შესანიშნავ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე.

„ამავდროულად, წინ უნდა გავიხედოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი. საქართველოს ნატო-სთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე დაგვეხმარება ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც თანაბრად შეეხება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო არის შავი ზღვის და უფრო ფართო ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ელემენტი. ქვეყნის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ რეგიონული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, რაც ამჟამად ინიცირდება. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა, ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამის "შესაძლებლობათა ფანჯარა" ღიაა. ყოყმანი არ დაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში. ნატო-ს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა. დარწმუნებული ვარ, მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად ვიპოვით გზებს არსებული გამოწვევების გადასალახად და საქართველოს გაწევრიანების პროცესს მნიშვნელოვნად ავიყვანთ უფრო მაღალ და მდგრად დონეზე. მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩემი ერის ცივილიზაციური, ღირებულებებით გაჯერებული არჩევანია. მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მეგობრობისთვის”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის სტუმრებს.

ღონისძიებაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა