მამუკა ბახტაძე - პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

“ეს ფაქტი ძალიან ნათელია. გზავნილიც ძალიან ძლიერია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც იკვეთება არსებული ადმინისტრაციის პირობებში, იდეალურად ესადაგება რეგიონში ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. აქვე მინდა ვახსენო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ტერმინები - „გაყინული კონფლიქტი“ და „ჰიბრიდული ომი“ პოპულარული ახლა ხდება მსოფლიოში, ჩვენთან კი ჰიბრიდული ომი 90-იანი წლების დასაწყისიდან გვაქვს. რაც შეეხება „გაყინულ კონფლიქტს“, უშუალო სამხედრო დაპირისპირების არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობაა. რუსეთი განაგრძობს აგრესიული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს წინააღმდეგ. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მომსწრენი გავხდით. თითქმის ყოველ კვირას ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები - ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და სიკვდილამდე აწამებენ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ ეს მთელი ევროპის და ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას ნიშნავს.

“რაც შეეხება დიპლომატიას, ჩვენ სრულ ყურადღებას ვუთმობთ და გაცნობიერებული პასუხისმგებლობა გვაქვს ნაკისრი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ფილოსოფიას. 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რუსეთმა ვალდებულება იკისრა საქართველოდან თავისი სამხედრო დანაყოფების გაყვანაზე. ათ წელზე მეტია გასული მას შემდეგ და შედეგი არ გვაქვს. წინსვლა არ მომხდარა ამ კუთხით. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. თუ ასე გაგრძელდება შავი ზღვის რეგიონში, ეს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ევროატლანტიკურ სივრცეს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. “ვცდილობთ, მის ფარგლებში ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განაგრძობენ ცხოვრებას. ომამდე, ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამდე 120 000 ადამიანი ცხოვრობდა იქ. ახლა 20 000 ადამიანზე ნაკლებია ადგილობრივი მოსახლეობა, ე.ი. 6-ჯერ ნაკლები! იქ ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს. ძალისხმევის კონსოლიდაციაზე საუბრისას მე ამ სამშვიდობო ინიციატივების და პროგრამების ირგვლივ გაერთიანებასაც ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ძლიერი უსაფრთხოება უნდა შევქმნათ შავი ზღვის რეგიონში, რაც ევროპის ძალიან ძლიერ უსაფრთხოებას გულისხმობს”, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს სწამს ძლიერი ნატოსი და ევროკავშირის.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა