ოთარ კახიძე - თუ გვინდა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, მაშინ უცხოელი მოსამართლეების მოწვევას ალტერნატივა არ ექნება

ჩვენ მხოლოდ მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერებას არ ვითხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურად მიგვაჩნია ამის მოთხოვნა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ოთარ კახიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ დღეს სხდომაზე იმ კანონპროექტზეც ისაუბრებს, რომელიც პარტიამ შეიმუშავა.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს თავისი კანონპროექტი, ჩვენ დავარეგისტრირეთ უკვე და ბიუროზე იქნება დღის წესრიგში. ჩვენი პაკეტი ეხება რამდენიმე საკითხს. კერძოდ,1. ჩინჩალაძის კლანს ჩამოერთვას ექსკლუზიური უფლება პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის. ამის უფლება მიენიჭოს იუსტიციის საბჭოს რიგით წევრს და პარლამენტს ჰქონდეს საშუალება ფართო არჩევანი გააკეთოს, არ იყოს შეზღუდული ჩინჩალაძის გაფილტრული სიით. 2. უკავშირდება პროცესს, რომ იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, ამ ჯგუფში სავალდებულო წესით იყოს ჩასმული არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. 3. 18 მოსამართლის დამატება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შესაძლოა, მომავალში არც იყოს ამის საჭიროება, ერთი ან ორი მოსამართლის დამატება იქნება საკმარისი. ახლა არის ბევრი ვაკანსია, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური კონსენსუსის პრინციპი იყოს გათვალისწინებული ამ მოსამართლეების შერჩევისას. დავაყენებთ საკითხს, რომ მოსამართლის საბოლოო არჩევა უნდა ჩატარდეს სარეიტინგო გამოკითხვით და მხოლოდ ის კანდიდატები წარსდგნენ, რომლებიც 3/4 მხარდაჭერას მოიპოვებენ. ჩვენ მხოლოდ უვადო დანიშვნის შეჩერებას არ ვითხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურად მიგვაჩნია ამის მოთხოვნა. ჩვენი პაკეტი არის რეფორმის სულისკვეთებით გამსჭვალული“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

მისივე განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, როგორც წესი, მოსამართლის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, თუმცა დღეს ქვეყანაში ამ პრინციპის „არასწორი გატარება“ ხდება. ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში უცხოელი მოსამართლეების მოწვევას ალტერნატივა არ აქვს.

„პრინციპი უვადოდ დანიშვნის სწორი პრინციპია, რადგან მოსამართლის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და რა თქმა უნდა, ამ პრინციპის არასწორად გატარება ხდება, არასწორი ხალხის მიერ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრობლემაა. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა პრობლემაა, თუმცა მივიჩნევთ, რომ ამის გამოსწორებას სჭირდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედება.საბოლოოდ თუ გვინდა რომ სიტუაცია გამოსწორდეს, მაშინ უცხოელი მოსამართლეების მოწვევას უბრალოდ ალტერნატივა არ ექნება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა