სანდრო თვალჭრელიძე - აშკარად ასე უყენებენ მამუკა ხაზარაძეს საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, ანაკლიის პროექტიდან უნდა გამოვიდეს

აშკარად ასე უყენებენ ხაზარაძეს საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა გამოვიდეს ანაკლიის პროექტიდან, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ განუცხადა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქმე გაცილებით სახიფათოდ არის, ვიდრე ვიღაც ერთი გავლენიანი ქართველის მცდელობაა, ჩაიგდოს ხელში ბანკი ან ანაკლიის პორტი.

„რატომ გახდა ეს საკითხი მაინცდამაინც აქტუალური მაშინ, როდესაც „თიბისი ბანკი" შევიდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქმეში? სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი. ჩემი აზრით, საქმე გაცილებით სახიფათოდ არის, ვიდრე ვიღაც ერთი გავლენიანი ქართველის მცდელობაა, ჩაიგდოს ხელში ბანკი ან ანაკლიის პორტი. რუსეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამ პროექტის ჩაშლით, შესაბამისად, ამ ვარაუდს აქვს საფუძველი, თუმცა მე მაკვირვებს აშშ-ის პოზიცია. წესით, უკვე განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრათ, ჩვენ კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხოლოდ ერთი განცხადება მოვისმინეთ. ჩემი აზრით, "თიბისი ბანკის" უცხოელ აქციონერებზე არ უნდა ჰქონდეს რუსეთს ისეთი გავლენა, რომ ისინი ასე გაჩუმებულიყვნენ. ვფიქრობ, მათი მონაწილეობისა და ჩუმი შეთანხმების გარეშე ეს პროცესები ვერ დაიწყებოდა. დავუშვათ, ეს რუსეთის წამოწყებული პროცესია, მან რაღაც ანკესი გადაუგდო ივანიშვილს, რომელიც წამოეგო და ჩაერთო ამ პროცესში, თავის მხრივ, მან მასში ჩართო პროკურატურა და ეროვნული ბანკი, მაგრამ რას აკეთებენ ამ დროს აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა უმნიშვნელოვანესი ინტერესიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა?! ამიტომ კიდევ ერთი ვარაუდის საფუძველს ვხედავ: ხომ არ დაუპირისპირდა მამუკა ხაზარაძის გუნდი დიდი ქვეყნების რაღაც დიდ, სტრატეგიულ ინტერესებს? არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. ფაქტი ერთია, რომელიღაც დიდი ძალაა დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მენეჯმენტი შეიცვალოს. აშკარად ძალიან ძლიერი საერთაშორისო ლობისტური ჯგუფები არიან ამ პროცესში ჩართული. აშკარად ასე უყენებენ ხაზარაძეს საკითხს: თუ სურს ბანკის შენარჩუნება, უნდა გამოვიდეს ანაკლიის პროექტიდან. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის მხოლოდ ჩემი ვარაუდები საჯაროდ ცნობილ ფაქტებზე დაყრდნობით და არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ერთი საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედის მამუკა ხაზარაძე, დაუპირისპირდა მეორე ასევე საერთაშორისო ჯგუფს, რომელსაც ასევე ჰყავს ქართველი მონაწილეები, შესაძლოა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც არის.

„არ გამოვრიცხავ ამავე ჯგუფში იყოს ვანო ჩხარტიშვილიც. როგორც წესი, სადაც რაღაც ინტრიგებია, ის პირველ რიგებშია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ის ფოთოლია, რომელიც დინებას მიჰყვება, ის ამხელა ნიაღვარს ვერ გამოიწვევდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამერიკის ფინანსური ინსტიტუტები მამუკა ხაზარაძეს არ დაიცავენ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე“, - აღნიშნა თვალჭრელიძემ.

იხილეთ სტატია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა