ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც “ეკლესიაც მიესალმებოდა”, თუმცა, მისი მტკიცებით, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავა.

მიტროპოლიტმა დანიელმა საკუთარი პიზიცია დეკანოზ მამალაძის მხარდამჭერებთან დაკავშირებითაც დააფიქსირა და მისი შეფასებით, ისინი ხშირად „არათანმიმდევრულები” არიან.

„რასაკვირველია, ქრისტიანული სარწმუნოება გეუბნება, ვინმემ რომ რამე დაგიშაოს, თუნდაც ბოროტად მოგექცეს, იმაზეც უნდა იზრუნო. მითუმეტეს, სასულიერო პირის მდგომარეობა, რასაკვირველია, აწუხებს ეკლესიას. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს თანაშემწე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პირადად იყო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, მოინახულა, ესაუბრა. რასაკვირველია, ჩვენ მისი ჯანმრთელობისთვის, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ვლოცულობთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ თვითონ დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრულნი არიან. შეიძლება, ეს ყოველთვის მისი სურვილი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც მისი გარემოცვისგან ხდება, რადგან ის ციხეშია. მგონი, ამ ადამიანების მოქმედებაში ხშირად არის ელემენტარული შეცდომები. მაგალითად, ასეთი სახით ზიარების მოთხოვნა - ეს არ ხდება. ზიარება არის დიდი საიდუმლოება, ამას მოძღვრის კურთხევა სჭირდება. ყოველთვის არ არის ადამიანი ზიარებისთვის მზად, ამიტომ ეს მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს. რომ გადაწყვიტა მოძღვარმა, აზიარა. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეკლესია ამას განიცდის, ზრუნავს, მაგრამ არის რაღაც საზღვრები იმასთან დაკავშირებით, მას რისი გაკეთება შეუძლია და რა არ შეუძლია. ხშირად, ეკლესიას იმას სთხოვენ, რაც მის ძალებსა და უფლებებს აღემატება”,- განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა.

მისივე თქმით, ეკლესია დეკანოზ მამალაძის შეწყალებას ახლაც მიესალმება.

„ჩემი და ეკლესიის პოზიცია ასეთია - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის”,- განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს