დიმიტრი შაშკინი სამხედრო სამსახურის შესახებ ახალ ინიციატივაზე - ეს არის მარაზმი, ცუდი და მავნებლური იდეა

ამ მთავრობას რაღაცის აკრძალვის მანიაკალური თვისებები ახასიათებს, - ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

შაშკინმა სამხედრო სამსახურის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა და ჩამოთვალა ის პრობლემები, რაც შეიძლება, ამ იდეის განხორციელებამ მოიტანოს.

„გუშინ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი საქართველოს მთავრობის ახალი "ბრძნული" იდეა, რომ მთავრობას აქვს სურვილი, აუკრძალოს მოქალაქეებს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, თუ მათ არ აქვთ გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური. ეს არის მარაზმი, ცუდი და მავნებლური იდეა. ამ მთავრობას მანიაკალური თვისებები ახასიათებს რაღაცის აკრძალვის. მუდმივად აქვს სურვილი, რამე აკრძალოს. 21-ე საუკუნეში სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებს შორის მუდმივი კონკურენციაა, საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ მათთვის. იდეა თუ განხორციელდა, ყველა ნიჭიერი პროფესიონალი კერძო სექტორში წავა. დიდი ალბათობით, გაიზრდება უმუშევრობა, შედეგად არც ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება მოიმატებს, მაგრამ სერიოზული ზიანი მიადგება სახელმწიფო ინსტიტუციებს“, - განაცხადა შაშკინმა.

მისივე თქმით, ამ მთავრობამ „2013 წელს ირაკლი ალასანიას ხელით გაანადგურა რეზერვი, დააკნინა წვევამდელთა ინსტიტუტი“.

„მთავრობა გვეუბნებოდა, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს მცირეროცხოვანი, კონტრაქტზე აგებული ჯარი, რაც არ შეესაბამება საქართველოს თავდაცვის დოქტრინას, თუმცა ეს მათ არ აინტერესებდათ. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ თურმე გვჭირდება რეზერვი და წვევამდელთა ინსტიტუტი. რომ არა ის გადაწყვეტილება, დღეს საქართველოს ეყოლებოდა 70 000- კაციანი რეზერვი, პლუს რეგულარული ჯარი და 100 000- კაციანი კორპუსი, რომელიც მზად იქნებოდა, შეესრულებინა თავდაცვის ყველა ის ამოცანა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ახლა არაფერი არ გვაქვს, რადგან 2013 წელს ყველაფერი მიწაში ჩადეს და გაანადგურეს“, - აღნიშნა შაშკინმა.

შეგახსენებთ, მთავრობა გეგმავს შეზღუდოს საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღიშნული, ცვლილებები მიმართული იქნება სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და ეფექტიანობის ამაღლებისაკენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო