სერგო რატიანი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას პოლიტიკური მიზანი აქვს - ეს იყო მთავრობის ფრიად უტვინო ქმედება ყველა დროში

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი დარწმუნებულია, რომ მთავრობის ინიციატივას მის დაქვემდებარებაში სსიპ-ის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ, პოლიტიკური მიზნები აქვს.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, წარმოდგენილი ინიციატივით მთავრობამ განათლების სამინისტრო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. რატიანმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, გაანალიზოს ამ მიმართულებით როგორც საკუთარი, ასევე სხვისი შეცდომები, “რაც მხოლოდ თავის ტკივილია“.

“პრობლემა არის შემდეგი: - აი ეს მიმართულება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თქვენამდე და თქვენს დროსაც, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ეს პოლიტიკური მიზნები იყო უნივერსიტეტებში თვითმმართველობების, პოლიტიკურად ახლომდგომი სტუდენტების მომსახურება და სხვა რაღაცეები. ეს მთავრობას, საზოგადოებასა და უნივერსიტეტებს პრობლემების გარდა, სხვას არაფერს უჩენდა. ეს იყო მთავრობის ფრიად უტვინო ქმედება ყველა დროში. როდესაც იწყებ ჩარევას, 1%-ს უკეთებ ფორსირებას, უზრუნველყოფ თანხებით და ასე შემდეგ, შენიანი, სხვისიანი - ყველა არის უკმაყოფილო და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი წაქეზებული ცუდი რაღაცეებისათვის“, - განაცხადა სერგო რატიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს, რომელიც მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება.

ამას “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაკვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა განმარტა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.

“წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა

და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა“, - აღნიშნულია მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს