რაგბის კავშირი ვერეს ხეობაში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რაგბის კავშირი ვერეს ხეობაში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიწის გასხვისების დეტალებს განმარტავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაგბის კავშირიდან აცნობეს, სარაგბო ინფრასტრუქტურის და მოედნის მოსაწყობად, 1997 წელს გადაცემული ტერიტორიის დიდი ნაწილი მერიის გადაწყვეტილებით რაგბის კავშირს 2009 წელს ჩამოეჭრა, რის გამოც იქ რაგბის ბაზისა და სავარჯიშო მოედნის განთავსება გამოირიცხა.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობაში, რომლის ფართიც იმ დროისთვის გახლდათ თითქმის 23 000 მ2. 1997 წელს გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს იმისათვის, რომ გაშენებულიყო სარაგბო ინფრასტრუქტურა (რაგბის მოედანი და სარაგბო ბაზა). ამ საკითხით 1999 წელს დაინტერესდა და დაფინანსების გამოყოფით აქტიურად ჩაება მსოფლიო რაგბის საბჭო (დღევანდელი მსოფლიო რაგბი). მიუხედავად ამ მცდელობებისა, რაგბის ბაზის აშენების საკითხი ვერც ბიძინა გეგიძის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დროს (2004 წლამდე) და ვერც შემდგომში ვერ დაიძრა. უფრო დეტალური, ობიექტური მიზეზები თავად ბიძინა გეგიძემ უნდა იცოდეს. 2009 წელს ქ. თბილისის მერიამ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმის შესაბამისად, რაგბის კავშირს ჩამოაჭრა ამ მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაუტოვა 12 000 კვ.მ., რომლის კონფიგურაცია და პარამეტრები პრაქტიკულად გამორიცხავს არათუ რაგბის ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განთავსებას. მერიის გადაწყვეტილება დასაბუთებულ იქნა მზიურის ტერიტორიაზე პარკისა და რეკრეაციული ზონის შექმნით. რაგბის კავშირმა როგორც ყოველთვის, მოთმინებითა და მორჩილებით მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. რაგბის კავშირის საკუთრებაში დარჩენილი 12000 კვმ. ფართის დანიშნულება შეიცვალა ფუნქციურად, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთზე არათუ სარაგბო ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განლაგება უკვე შეუძლებელი გახდა“, - აღნიშნულია რაგბის კავშირის განცხადებაში.

ამის გამო, მათივე ინფორმაციით, რაგბის კავშირის გამგეობამ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა იმ მიზნით, რომ აქედან მიღებული შემოსავალი მოხმარებოდა რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„ამის დასაბუთებად ისიც კი საკმარისია ითქვას, რომ რაგბის კავშირი, როგორც მიწის მესაკუთრე 13 წლის განმავლობაში მხოლოდ გადასახადებს იხდიდა ამ მიწის ნაკვეთზე და სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ გააჩნდა. დაწყებული 2009 წლიდან, დღემდე არანაირი სარაგბო ბაზის შექმნის ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს რაგბის კავშირი 2018 წლის ბოლომდე უშედეგოდ ცდილობდა მოეძებნა ინვესტორი, რომელიც „გააცოცხლებდა“ ამ ტერიტორიას, საამისოდ ქალაქის მერიამ 2013 წელს განაშენიანების რეგულირების გეგმაც კი დაამტკიცა, რაც პოტენციური ინვესტორისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა ყოფილიყო.

2013 წელს დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის პარამეტრებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (k2) იყო 4.5, რაც მართლაც უზარმაზარი შენობის მშენებლობის შესაძლებლობას გულისხმობდა, თუმცა 2018 წლის ახალმა რეგულაციებმა შეცვალა ზოგიერთი პარამეტრი, რის შედეგადაც ნაკვეთის ფუნქციურ ზონად განისაზღვრა საცხოვრებელი ზონა 6, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ასაშენებელი შენობის ზომა. საქართველოს რაგბის კავშირი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაგებით მოეკიდა ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი შესაბამისად განვითარდეს, ჩვენს მიერ იქნა მოძიებული, მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე, ყველაზე წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია, რომლის შექმნილი პროდუქტიც დარწმუნებული ვართ გახდება ხვალინდელი თბილისის სავიზიტო ბარათი.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის უცხო და მიუღებელია საჯარო სივრცეში ვინმეს ქმედებების მორალური შეფასებები. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ვხელმძღვანელობთ კანონით და კანონით მონიჭებული კომპატენციის ფარგლებში, წარვმართავთ სარაგბო და მასთან დაკავშირებულ სამეურნეო პოლიტიკას. საჯარო ინტერესები კი აბსტაქტულად არ არსებობს და სწორედ რომ კანონის რეგულაციის სფეროს განეკუთვნება. ისე კი საკითხავია ვინ ან რამ შეუშალა ხელი ბატონ გეგიძეს, საჯარო განცხადების გაკეთებამდე უშუალოდ რაგბის კაშირისგან მიეღო პასუხი თავის „სერიოზულ კითხვებზე“, - აღნიშნულია რაგბის კავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი ბიძინა გეგიძე თბილისის მერიას მიმართავს არ მისცეს ნებართვა კომპანია "ანაგს" ვერეს ხეობაში გრადნიოზული შენობის ასაშენებლად. როგორც გეგიძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემა კვლავ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც, ფრაქციას სპეციალური ინიციატივა აქვს შემუშავებული. გეგიძის თქმით, ფრაქციის ინიციატივაა, მშენებლობის მაძიებელი მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი იყოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს