მიხეილ ბატიაშვილი - უმნიშვნელოვანეს ამოცანას შევეჭიდეთ - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დეტალები გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის წევრებთან ერთად, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ერთობლივად განიხილეს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, უსაფრთხო სკოლა, გამოცდების ახალი მოდელი, განათლების ხარისხის განვითარება და ა.შ.

მინისტრის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ სისტემაში ფრაგმენტულ ცვლილებებს შედეგი არ მოაქვს, შესაბამისად, აუცილებელია სისტემის სრული ტრანსფორმაცია, რაც მისივე განცხადებით, განათლების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს.

„ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს, რასაც, ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ მოაქვს. ჩვენი მიზანი არ არის პოპულისტური გადაწყვეტილებები, ჩვენი მიზანია ერთიანი სისტემის ისეთი ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი შვილების და ქვეყნის წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. ეს ძალიან რთული პროცესია, საჭიროებს ბევრ მსჯელობას, განხილვას, მაგრამ უალტერნატივოა და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ამ პროცესში ყველა სეგმენტის ჩართულობა, ყველა კრიტიკული აზრის და რჩევის მოსმენა აუცილებელი და გასათვალისწინებელია“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელდების პროცესში ყველა მხარის აქტიური მონაწილეობა, შედეგებზე სწრაფად და პოზიტიურად აისახება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს