ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს - კაჭრეთშიც შემიძლია მოჭარბებული ჟანგბადის ფონზე განვიხილო მოსამართლეთა საკითხი და უფრო ნაკლები ჟანგბადის ფონზე თბილისშიც

კაჭრეთშიც შემიძლია მოჭარბებული ჟანგბადის ფონზე განვიხილო ეს საკითხი და უფრო ნაკლები ჟანგბადის ფონზე თბილისში, რუსთაველზე, ნებისმიერ დროს, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მოქმედ თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს.

„მე არ მითქვამს სამი კვირა, ეს არის მესამე კვირა, ბატონო ანრი, თუ მისმენდით, მე ვთქვი, რომ 6 თებერვალს დაიწყო ამ საკითხის ინიცირება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოვითხოვეთ საკითხის დაჩქარება. ზუსტად იმიტომ, რომ ყველა კოლეგას მივეცით დრო, რამდენიმე დღე, რომ გაცნობოდა საკითხს. მეც გასაგებად ვსაუბრობ. იმ გასვლით სამუშაო შეხვედრაზე ეს საკითხი განსახილველი არ იყო და არავინ შემხმიანებია მე, რომ ამ თემაზე უნდა გვესაუბრა. კამერებით მე არავინ უნდა მესაუბრებოდეს იურიდიული კომიტეტიდან. ვიღაცას უნდა ეთქვა, რომ საჭიროა ამ საკითხზე საუბარი და მოდი შევხვდეთ, კაჭრეთშიც შემიძლია მოჭარბებული ჟანგბადის ფონზე განვიხილო ეს საკითხი და უფრო ნაკლები ჟანგბადის ფონზე თბილისში, რუსთაველზე, ნებისმიერ დროს. ამისთვის მზად ვიყავი ყოველთვის. არავის უთქვამს ჩემთვის. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ საკითხი განვიხილოთ“, - მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

„ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიკრიბოთ და პირადად ჩემი ინტერესია, რომ საკითხი გონივრულ ვადაში განვიხილოთ, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, რომელმაც განაცხადა, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვა ჭიანურდება.

„მოვისმინე კომენტარი, თითქოს 3 კვირაა კანონი ინიცირებულია და არ განიხილება. იურიდიულ კომიტეტს ეს საკითხი დაეწერა 11 თებერვალს, შესაბამისად, ერთი კვირა არის გასული და მესამე კვირა საიდან აითვლება ვერ გეტყვით. არავის აქვს სურვილი გავაჭიანუროთ განხილვა. საჯაროდაც შემოგთავაზეთ, ბატონმა გედიმ დამირეკა და მასაც შევთავაზე მზაობა, რომ შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. საჯაროდ გითხარით, კაჭრეთში ვიკრიბებით და იქ განვიხილოთ ეს საკითხი-თქო. ეს შემოთავაზება ძალაშია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიკრიბოთ და პირადად ჩემი ინტერესია, რომ საკითხი გონივრულ ვადაში განვიხილოთ. დაჩქარება თუ იქნება საჭირო, ასეც ვქნათ, თუმცა ვიმსჯელოთ, გავიაროთ გუნდის შიგნით ეს საკითხი და ისე წარვსდგეთ კომიტეტის წინაშე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა