მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ოცდაათზე მეტ კანონპროექტს განიხილავს

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ ოცდაათზე მეტ კანონპროექტს განიხილავს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ოთხშაბათს, 20 თებერვალს „მინისტრის საათის“ ფორმატში კანონმდებლები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.

ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე. რომელთა შორისაც არის ახალი საკანონმდებლო წინადადებები, კანონპროექტების განხილვის ვადების გაგრძელების მოთხოვნა და კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვის საკითხები.

მათივე ინფორმაციით, ბიურომ მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განმეორებით კენჭისყრაზე დაყენების საკითხს, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ დააყენა ბიუროს სხდომაზე.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამართლებრივი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს წესი დეტალურად არის გაწერილი პარლამენტის რეგლამენტში.

„კუმულატიურად არის დადგენილი ორი დათქმა. ერთი რომ ერთი თვე არ უნდა იყოს გადაცდენილი პირველი განხილვიდან და მეორე, რომ იგივე სესია უნდა იყოს. ეს წერია რეგლამენტში შავით თეთრზე და ეს უნდა დავიცვათ“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიურომ იმსჯელა ნდობის ჯგუფის წევრად პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის წარდგენის თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს განუმარტა, რომ - „აქ არის იურიდიული პრობლემა, როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ნახევარზე მეტმა უნდა წარმოადგინოს ნდობის ჯგუფის წევრი. ამ შემთხვევაში უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ ჩვენ გვყავს 14 დეპუტატი, კანდიდატი არის წარმოდგენილი შვიდი დეპუტატის მიერ. ანუ, კანონის მოთხოვნა არ არის დაცული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ დეპუტატების ერთი ჯგუფის (ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის, ალექსანდრე ერქვანიას, კობა ნარჩემაშვილის, ლევან კობერიძის, დავით ჭიჭინაძის და ოთარ ჩრდილელის) მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვა. მან იმ არგუმენტებზე ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, საკითხის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ჩასმა.

„სასამართლოს რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლების შიგნით არსებული შემადგენლობა უნდა განახლდეს, და თუ ჩვენ მივიღებთ სურათს, რომ მოცემული შემადგენლობა უვადოდ გამწესდება, რეფორმა აზრს დაკარგავს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვას ტექნიკური და შინაარსობრივი პრობლემები ახლავს თან.

„ჩვენ ამ კვირაში ორდღიან რეჟიმში უნდა გვემუშავა, ანუ ხვალ და ზეგ. მაშინ მოგვიწევს ხუთშაბათსა და პარასკევს ორი დღით მუშაობის გაგრძელება ამ კანონპროექტის გამო. რაც შეეხება შინაარსობრივ პრობლემას, კონსტიტუციასთან არის სერიოზული წინააღმდეგობა და ეს არის განსახილველი. როდესაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე ვმსჯელობთ ერთი დღე შეიძლება ამას არ ეყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს წარმოდგენილ კანონპროექტს. დღესვე პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილის არჩევის საკითხი.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა