მოსამართლეთა ნაწილმა, შესაძლოა, "რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივლოს

მოსამართლეთა ნაწილმა, შესაძლოა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივლოს.როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტში კონკრეტულად მის ქონებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბინა მხოლოდ გლდანში აქვს დეკლარირებული.

ამასთან, გვრიტიშვილისთვის მოუღებელია ის შეფასებები, რომლებიც არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გააკეთეს.

"როდესაც მოდის შეფასებები, რომ ნახეთ, მოქალაქეებო, ვის ხელშია თქვენი ბედი, როგორი მოსამართლეები არიან, რომელთაც თურმე ფეშენებელური ვილები უყვართ, ერთი არქიტექტორი ჰყოლიათ და ა.შ. ფაქტობრივად, ეს არის სიძულვილის ენით საუბარი და უარყოფითი მუხტის შექმნა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ დამალული არაფერი გვაქვს. ამ დეკლარაციების გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ჩემი აზრით, არასწორია რაღაც კამპანიის ნაწილად ასეთი წარმოჩენა, ასეთი შეფასებების გაკეთება გადაცემის ანონსში და შემდგომ ორი ჟურნალისტის დიალოგის დროს. იქ ტყუილიც გაჟღერდა, რომ თურმე მხოლოდ გლდანში მაქვს ბინა დეკლარირებული. თუ დეკლარირებული არ მქონდა, სოფელ ბულაჩაურში მდებარე სახლს "რუსთავი 2"-მა როგორ მიაგნო?! ეს არის კიდევ ერთი ტყუილი. ამიტომ მოსამართლეებისთვის დრო კიდევ არის. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, როგორი ფორმით მიეცეს ამას რეაგირება, რომ არ დაგვბრალდეს სასამართლო თავისუფალი მედიის წინააღმდეგ რაღაც რეპრესიულ ღინისძიებებს ახორციელებს. შესაძლოა ჩვენ უბრალოდ, დასაბუთებული განცხადებითაც შემოვიფარგლოთ, რომლითაც საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას ვამცნობთ. შეიძლება ამას სარჩელის ფორმა მიეცეს და დავა სასამართლოში წარიმართოს", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც რამდენიმე მოსამართლის ქონებებზე იყო საუბარი, მათ შორის, მოსამრთლე დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის ქონების შესახებაც. საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა ქონების კანონიერების თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამ განცხადებებს კი იუსტიციის საბჭოს სხდომის დაწყებამდე არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლეებს შორის კამათი მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა