ლაშა დარსალია გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა, რომ ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნის შემდეგ, კვლავ უცვლელია მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში და საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის იზოლირებას და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას. ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პრობლემას.

საუბრის ერთ-ერთი მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენებისა და დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის გზები. ამ კონტექსტში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. შეშფოთება გამოითქვა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების შეჩერების გამო. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა გალის შეხვედრების ფორმატის ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის საჭიროებას.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჯიჰან სულთანოღლუს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს