პრემიერი -  ჩვენი მდებარეობის და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს კლიმატური ცვლილებებისა და მომდინარე საფრთხეებისგან

ჩვენი განსაკუთრებული მდებარეობის და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მომდინარე საფრთხეებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ფართომასშტაბიანი პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისა და მისი პრევენციის გზებზე ისაუბრა.

„ყველამ კარგად ვიცით როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ეკოლოგიაზე, როგორ ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს და მათ კეთილდღეობას და რა მასშტაბის ზარალს აყენებს ეს ეკონომიკას. ცხადია, ამ გამოწვევას ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება და შესაბამისად, საჭიროა საერთო ძალისხმევის გაერთიანება. ჩვენი განსაკუთრებული მდებარეობის და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მომდინარე საფრთხეებისგან. შესაბამისად, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რათა კლიმატური რისკები და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა გათვალისწინებული იყოს ჩვენი განვითარების დაგეგმარებასა და განხორციელებაში. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ოფიციალურად ვხსნით კლიმატის მწვანე ფონდისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რომ უკეთ შევძლოთ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება. კლიმატის ცვლილება დღითიდღე უფრო ინტენსიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არღვევს ჩვეულ რიტმს. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკა უნდა პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს,"- განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა თავის გამოსვლაში იმ მიზნებზეც ისაუბრა, რასაც საქართველო აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მიაღწევს. ეს მიზნებია: ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა, სტიქიებით გამოწვეული კატასტროფების თავიდან აცილება, ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება და ა. შ.

"ამ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებით საქართველოს უკვე მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა. ამ პროგრამის განხორციელება მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი კატასტროფების გარდაუვალობას, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ სტიქიებით გამოწვეული კატასტროფები, დავიცვათ ათასობით ადამიანი მაღალი რისკის რეგიონებში, მათ შორის მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, შევამციროთ ეკონომიკური ზარალი. გარდა ამისა, პირდაპირ ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით 2017 წლიდან ჩვენი ქვეყნისთვის ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება, რითაც ჩვენ შევუერთდით გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მთავრობა აქტიურად მუშაობს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შევძლებთ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას და შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანი. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება კომპლექსური თემაა და გარკვეულწილად დიდი ფინანსური ტვირთის მატარებელი. საერთაშორისო მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის,"- განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო